„ყოველი წარმატებული პროექტის შემდეგ, სულ უფრო მეტის გაკეთება მინდა” – ბასა ფოცხიშვილი

„ყოველი წარმატებული პროექტის შემდეგ, სულ უფრო მეტის გაკეთება მინდა” – ბასა ფოცხიშვილი

5 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი სტუმრობდა.

წიგნები და ფერწერა, სულიერად ლამაზი ადამიანები და საინტერესო შემეცნებითი სიახლეები უნდა ავსებდეს ბასა ფოცხიშვილის ყოველდღიურ ცხოვრებას, რადგან სწორედ ასე პოულობს შთაგონებას ფილმების, მუსიკალური და სარეკლამო რგოლების შესაქმნელად.

– ბასა, რას გრძნობთ მორიგი იდეის წარმატებით განხორციელებული შემდეგ და როდის იწყებთ ფიქრს ახალ პროექტზე?

– საკუთარ თავს ფეხბურთელს შევადარებდი, რომელსაც მოგებული მატჩის შემდეგ დაღლილობის ნაცვლად მეორე სუნთქვა ეხსნება. მეც ზუსტად ასე ვარ, ყოველი წარმატებული პროექტის შემდეგ, სულ უფრო მეტის და ბევრად უკეთესად გაკეთება მინდა. რამდენიმე დღის წინ „უცნობის“ კონცერტზე ვიყავი და ძალიან გამიხარდა, რომ ახალგაზრდები კარგად იცნობენ და ძალიან მოსწონთ ჩვენი ძველი კლიპები „ვაგონი მიჰქრის“ და „მომე მამული“, რომლებიც 17 წლის წინ გადავიღეთ, როცა ისინი ძალიან პატარები იყვნენ.

– როგორ ისვენებთ პროექტიდან პროექტამდე?

– ადრე ვცურავდი, მზეზე ვირუჯებოდი, ახლა კი, ნაკლებად მაქვს დასვენების დრო. ძალიან მომწონს იტალიელების გამოთქმა dolce farniente, რაც „ტკბილ უსაქმურობას“ ნიშნავს, განტვირთვის საუკეთესო საშუალებად კი, მოგზაურობა მიმაჩნია, რადგან დრო, როცა ახალ ცოდნას, შთაბეჭდილებებს არ ვიძენ, დაკარგულად მიმაჩნია.

– როდის გადაწყვიტეთ რეჟისორობა და რომელი იყო პირველი და ყველაზე დასამახსორვებელი პროექტი?

– 15 წლის ვიყავი, როცა რეჟისორობა გადავწყვიტე, პირველი წარმატებული პროექტი კი, სადიპლომო ნამუშევარი „დასასრული“ იყო, რომელიც ყველას ძალიან მოეწონა.

– რამდენადაც ვიცი, საერთაშორისო პროექტებზეც საკმაოდ ხშირად მუშაობთ. საინტერესოა ახლა რას საქმიანობთ?

– ძალიან საინტერესო პროექტი შემომთავაზეს იტალიაში, რომელიც ერთგავრი სიახლე აღმოჩნდა ჩემთვის და ამიტომ განსაკუთრებული მონდომებით ჩავები მუშაობაში.

– მართალია, პროექტების სიმცირეს არასდროს განიცდით, მაგრამ უფრო მეტ სამუშაოს ხომ არ ისურვებდით საქართველოში?

– რა თქმა უნდა, ყოველთვის მეტის გაკეთება მინდა, რადგან ჩემთვის მუშაობა მართლაც დიდი სიამოვნებაა. საბედნიეროდ, საინტერესო პროექტები ყოველთვის მრავლად მაქვს,  რომელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული – თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის გახსნა იყო. ძალიან მიყვარს თანამედროვე ხელოვნება, ფერწერა, გრაფიკა და დიდ პატივს ვცემ ქართველ მხატვრებს, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, ჩემს საყვარელ სფეროში ვმუშაობდი, რაც ორმაგად საინტერესო აღმოჩნდა, რადგან მაღალი რანგის უცხოელ სტუმრებს არა მხოლოდ სახვითი ხელოვნების ნიმუშები, არამედ ყველაფერი უნიკალური და განსხვავებული გავაცანით, რაც ქართველებს გვაქვს. მართალია, საკმაოდ რთული აღმოჩნდა ყველაფრის სამდღიან პროექტში ჩატევვა, მაგრამ ჩვენ მაინც წარმატებით გავართვით სამუშაოს თავი.

– როგორ შეაფასებდით დღევანდელ შოუბიზნესს და რეკლამის სფეროს, რა შეიცვალა 1990-იანი წლების შემდეგ?

– მართალია, გასულ წლებთან შედარებით სარეკლამო ბიზნესი მნიშვნელოვნად განვითარდა და უამრავი საინტერესო რგოლი გაკეთდა, მაგრამ შოუბიზნესში სამწუხაროდ საინტერესო არაფერი ხდება. 90-იან წლებში ყველაფერი ახალი იყო, ამიტომ ჩვენც ლაღად და თამამად ვმუშაობდით, ახლა კი, სარეკლამო რგოლებს ორიგინალურობა აკლია და ზოგჯერ მეჩვენება, თითქოს გარკვეული სტანდარტი შემუშავდა, რომელსაც ყველა ერთნაირად ემორჩილება.

– რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის დრო და ინფორმაციის რა საშუალებას ანიჭებთ უპირატესობას?

– სამწუხაროდ, დრო ძალიან სწრაფად გამირბის, ინფორმაციას კი, მეტწილად ინტერნეტით ვიძენ. მართალია, აქამდე ნაკლებად ვინტერესდებოდი საქართველოში მიმდინარე პროცესებით, მაგრამ ახლა, როცა სიტუაცია ძალიან დაიძაბა, ვცდილობ ოპერატიულად გავეცნო ახალ ამბებს.

– რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას საქმიან შეხვედრაზე?

– ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის კულტურა, რაც პირველ რიგში ურთიერთპატივისცემას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეხვედრა ზოგად თემებზე საუბრით იწყება, თუმცა მერე, მთელი დრო მხოლოდ საქმეს უნდა დაეთმოს.

– რა ხერხს მიმართავთ, როცა უამრავი სამუშაო გაქვთ, მაგრამ მოტივაციას ვერ პოულობთ?

– ამ ხერხს პროფესიონალიზმი ჰქვია, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში გაიძულებს მუშაობას განწყობის მიუხედავად.

– ჩაცმის რა სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

– ძალიან არ მიყვარს, როცა ყველა ერთნაირად იმოსება და ყველა ერთმანეთს ჰგავს. ვფიქრობ, მთავარი განსხვავებული სტილის შერჩევაა, რომელიც იდეალურად გამოხატავს ადამიანის ინდივიდუალურობას, თუმცა ყველაფერი ბუნებრივი და აუცილებლად ორგანული უნდა იყოს. ამასთანავე, საჭიროა დაღლილობის და უხასიათობის მიუხედავად, ნებისმიერ სიტუაციაში მოწესრიგებული და ფორმაში ყოფნა.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– დიდხანს ვორჭოფობ, ძალიან მიჭირს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და მხოლოდ საკუთარი იდეების განხორციელება გამომდის სწრაფად.

ბლიცკითხვები:

– ნივთი, რომლის გარეშე არასდროს ტოვებთ სახლს?

– პატრიარქის ნაჩუქარი ბეჭედი.

– ხელოვნების რომელი სფერო მოგწონთ ყველაზე მეტად?

– ყველა ძალიან მომწონს ლიტერატურის, ფერწერის და კინემატოგრაფიის ჩათვლით.

– რამდენად ხართ გატაცებული სპორტით?

– ძირითადად ვცურავ, თუმცა, ძალიან მომწონს წყლის თხილამურები.

– პროფესია, რომელზეც ბავშვობაში ოცნებობდით?

– ბავშვობაში კორდებალეტის მოცეკვავე მინდოდა ვყოფილიყავი.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– ვფიქრობ, ასეთი ფრაზა არ არსებობს.

– მორის ფოცხიშვილის რამდენი ლექსი იცით ზეპირად?

– თითქმის ყველა, რადგან მეტწილად მე ვუბეჭდავდი ლექსებს.

– ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?

– ჩემს დას – თამრიკოს და დისშვილს – დათოს.

– რას დახატავდით გადაცემაში ‘წარმატების ფორმულა“?

– მზეს, რადგან სწორედ მზეა გასხივოსნებული წარმატების სიმბოლო!

– როგორია თქვენი „წარმატების ფორმულა“?

– ვფიქრობ, მთავარი ნიჭი და კარგი განათლებაა, თუმცა არც ჯანსაღი ამბიციების, შრომისმოყვარეობის გარეშე შეიძლება წარმატების მიღწევა, თან ცოტა ბედიც უნდა გვწყალობდეს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

6 ნოემბერი, 2018

სხვა ჩანაწერები