თეა აგლაძე: „მალე, მკითხველს კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო გამოცემით გავახარებთ”

თეა აგლაძე: „მალე, მკითხველს კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო გამოცემით გავახარებთ”

12 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ ჟურნალის „ბომონდი“ მთავარი რედაქტორი თეა აგლაძე სტუმრობდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლური ენების და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, განათლების მიღება თეამ TASIS-ის სახელმწიფო მოხელეთა კოლეჯში გააგრძელა. პირველი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის და ბრენდინგის სფეროში შეიძინა, მოგვიანებით, საკუთარი შესაძლებლობები კერძო ბიზნესში – სამკერვალო სალონებსა და სამოდელო სააგენტოში მოსინჯა, რვა წლის წინ კი, ჟურნალს „ბომონდი“ ჩაუდგა სათავეში.

– თეა, რამდენად რთულია 21-ე საუკუნეში ბეჭდვური მედიის აქტუალურობის შენარჩუნება და მუდმივად მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა?

– მართალია, რამდენიმე წლის წინ ციფრულ მედიასთან კონკურენციაში პრაქტიკულად დავთმეთ პოზიციები, მაგრამ ორი სფეროს დაბალანსების შემდეგ, რომელთაც იდეალურად შეავსეს ერთმანეთი, მაინც შევძელით პოპულარობის დაბრუნება.

– თქვენი აზრით, რა მომავალი აქვს ბეჭდურ მედიას?

– ძალიან საინტერესო მომავალი გვაქვს, რადგან ტექნოლოგიების განვითარების ფონზე ბეჭდვური მედიაც უფრო დახვეწილი და სრულყოფილი ხდება. მთავარია, ფეხი ავუწყოთ ინოვაციებს და გავითვალისწინოთ ყველა სიახლე. ხშირად მსმენია, თითქოს ადრე პრესა სრულიად განსხვავებულ ფოტოებს ბეჭდავდა, რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები, თუმცა ვფიქრობ, ესთეტიურ სიამოვნებასთან ერთად, სიახლეზეც აუცილებელია ზრუნვა, რათა ჟურნალი უფრო საინტერესო იყოს მკითხველისთვის.

– უამრავი ახალბედა აღმოაჩინეთ, რომელიც მალე ნამდვილი ვარსკვლავად იქცა. ახლა რამდენად აქვთ დამწყებ ხელოვანებს პოპულარობის მოპოვების პოტენციალი?

– ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს. მეტიც, არაჩვეულებრივი თაობა მოდის, რომელიც მუდმივად სიახლის ძიებაშია და ჩვენც ნებისმიერ წამოწყებაში ვცდილობთ მათ მხარდაჭერას.

– მდიდარი სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით, სად გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად და რომელმა სამუშაომ გაგიტაცათ ყველაზე მეტად?

– განსხვავებულ სფეროებში ვმუშაობდი და გარკვეული ეტაპებიც გავიარე, რომელთაგან ზოგი საინტერესო იყო, ზოგი – ნაკლებად. საკმაოდ დიდი ხანია ჟურნალის რედაქტორი ვარ და ძალიან მომწონს ჩემი საქმიანობა. მუდმივად ახლის, ორიგინალურის გაკეთებას ვცდილობ და სავარაუდოდ ძალიან მალე, მკითხველს კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო გამოცემით გავახარებთ.

თქვენი აზრით, რამდენად კრეატიულია საქართველოში გამართული ღონისძიებები?

– ვფიქრობ, საკმაოდ კრეატიულია. უამრავ პრეზენტაციას ვესწრები საზღვარგარეთ, ყოველთვის ჩვენს ღონისძიებებს ვადარებ და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ქართველებს ბევრად უკეთ გამოგვდის სხვადასხვა აქტივობის მოწყობა, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ჩვენ დიდი ხანია შევეჩიეთ უამრავი საქმის ერთდროულად კეთებას.

– რა თემაზე გაამახვილებთ ყურადღებას „ბომონდის“ შემდეგ ნომერში?

– ახლა წინა საახალწლო ნომერზე ვმუშაობთ და უამრავ საინტერესო სტატიას ვუმზადებთ მკითხველს, სიურპრიზად კი, დამატებით გამოცემას შევთავაზებთ სილამაზის შენარჩუნების საუკეთესო რჩევებით.

– საინტერესოა, როგორ მუშაობს „ბომონდის“ არაჩვეულებრივი გუნდი?

– ალბათ, ყველა მენეჯერს მუშაობის საკუთარი ფორმულა აქვს და წარმატებასაც სწორედ ის  განსაზღვრავს. ჟურნალის გამოსვლიდან დაახლოებით ერთი კვირა მეც ვისვენებ და ჯგუფსაც ვაძლევ ამოსუნთქვის საშუალებას. მართალია, ამ პერიოდში ნაკლებად აქტიური ვარ, მაგრამ გამუდმებით ვფიქრობ და გონებაში იდეებს ვაგროვებ, მერე კი, ერთად განვიხილავთ და სწრაფად ვპოულობთ საერთო ენას, რადგან საოცარი ურთიერთგაგება გვაქვს და მეტწილად ერთნაირად ვფიქრობთ.

– როგორ ისვენებთ ინტენსიური სამუშაოს შემდეგ?

– ჩვენ არც შეზღუდვები გვაქვს, არც დადგენილი გრაფიკი, ამიტომ ნებისმიერ დროს თავისუფლად შეგვიძლია შეკრება და აქტუალური თემების განხილვა, რაც ყველასთვის  კომფორტული და ძალიან მოსახერხებელია. რა თქმა უნდა, დაახლოებით ორი კვირა, როცა ახალი ნომრის გამოსვლისთვის ვემზადებით სრულ საგიჟეთში ვცხოვრობთ, სამაგიეროდ მერე ვისვენებთ და ახალ იდეებზე ვფიქრობთ.

– გადატვირთული გრაფიკის ფონზე როგორ ახერხებთ მუდმივად ფორმაში ყოფნას?

– რამდენიმე წელია მკაცრად ვიცავ ჯანსაღი ცხოვრების წესს. მართალია, ადრე საკმაოდ ქაოტურად ვცხოვრობდი, მაგრამ ლოს-ანჯელესში მოგზაურობის შემდეგ, სადაც არაჩვეულებრივი აურა დამხვდა, ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს არასწორად კვების ან ცხოვრების, საკუთარი სხეულის „განაწყენების“ უფლება არ მაქვს.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– გადაწყვეტილებას სპონტანურად და აუცილებლად სწრაფად ვიღებ, რაც სხვათაშორის, ყოველთვის ამართლებს.

ბლიცკითხვები:

– „ბომონდის“ მთავარი სლოგანი?

– „მეტი ინსპირაცია!“

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– „არ არსებობს!“

– აქსესუარი, რომლის გარეშე არასდროს ტოვებთ სახლს?

– საათი.

– როგორ იწყება თქვენი დილა – ფინჯანი ყავით თუ ნატურალური წვენით?

– დილას ჯერ წყალს ვსმავ, მერე ყავას და ბანანს მივირთმევ.

– გაქვთ თუ არა საოცნებო პროფესია?

– ძალიან მინდა ვიყო პარფიუმერი.

– ფილმი, რომლის ნახვა არასდროს გბეზრდებათ?

– ვუდი ალენის „შუაღამე პარიზში“.

– ხართ თუ არა კოლექციონერი?

– ძალიან მიყვარს სუნამოები და ყველაფერს ვაგროვებ, რაც პარფიუმერიას უკავშირდება.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– მზეს.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– ვფიქრობ, მთავარი ინტუიცია და კარგი ალღოა. თუმცა, წინასწარ განჭვრეტის უნარის გამომუშავება მხოლოდ საკმარისი ცოდნის და გამოცდილების დაგროვების შემდეგ შეიძლება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

13 ნოემბერი, 2018

სხვა ჩანაწერები