„საქართველოში საწვავი 20%-იანი ფასნამატით იყიდება“

„საქართველოში საწვავი 20%-იანი ფასნამატით იყიდება“

ბოლო ერთი თვის მანძილზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფების მიუხედავად, საქართველოში საწვავზე ფასი არ იკლებს. დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში ნავთობის ღირებულება თითქმის 30%-ით შემცირდა. გარდა ამისა, ეროვნული ვალუტაც მყარდება, საწვავის ფასი კი იგივეა.

ეკონომისტები განმარტავენ, რომ ახლა აბსოლუტურად ყველა პირობაა ფასების კლებისთვის, მაგრამ მათი თქმით, იმპორტიორები ფასებს შეგნებულად არ ამცირებენ.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი პაატა ბაირახტარი შექმნილ სიტუაციაში პასუხისმგებლობას კონკურენციის სააგენტოს აკისრებს.

მისი თქმით, ქვეყანაში სრული განუკითხაობაა. ბაირახტარი განმარტავს, რომ კონკურენციის სააგენტოს ახლანდელი ხელმძღვანელის პრაქტიკული უმოქმედობა მწვანე შუქს უნთებს იმპორტიორებს, რომლებიც მთლიანად არიან აცდენილი როგორც საერთაშორისო ტენდენციებს, ასევე ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს.

მომხმარებელთა დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა კემულარია კი ამბობს, რომ საქართველოში საწვავი ახლა უკვე 20%-იანი ფასნამატით იყიდება. მისი თქმით, კომპანიებში თავს არ ზოგავენ, რომ ნავთობპროდუქტები არ გააიაფონ. კემულარიას განცხადებით, მთავარი და მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, რისი დეფიციტიც დიდი პრობლემაა.

 

22 ნოემბერი, 2018

სხვა ჩანაწერები