როგორ ვმართოთ სტრესი სამსახურში – FM ქოუჩი

როგორ ვმართოთ სტრესი სამსახურში – FM ქოუჩი

გადაცემის ლაივი LIVE

სტრესი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია. ზოგჯერ იგი შეიძლება გაუაზრებელი იყოს. სტრესი მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც თავდაცვის ფუნქციითაა განპირობებული. გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ქოუჩი, ტრენერი ეკა ბაბუნაშვილი.

რამდენად ხშირია სტრესული გარემო?

ძალიან ხშირად სტრესი გვეხმარება მოვახდინოთ კონცენტრაცია და გადავჭრათ ესა თუ ის საკითხი, ასევე, სტრესის დროს ჩვენ ისეთ გამოცდილებას ვიღებთ, რომელიც ჩვენს პიროვნულ ზრდას განაპირობებს. თუმცა, თუ სტრესი მუდმივია, თანაც თუ მას ვაძლიერებთ ფუჭი ღელვით და ნეგატიური ფიქრებით, მაშინ, ორგანიზმი მუდმივად თავდაცვის რეჟიმშია, ხარჯავს ბევრად მეტ ენერგიას ვიდრე ჩვეულებრივ დღეს. ეს ადრე თუ გვიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს, რომელიც შესაძლოა ფიზიკური თუ ფსიქიური ჯანმრთელობის გაუარესებით აღინიშნოს.
მეცნიერი რიჩარდ ლაზარუსი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის სტრესისა და გამკლავების სტრატეგიების კვლევაში ამბობდა, რომ ადამიანის სტრესის ხარისხზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს, არა მის გარშემო შექმნილი სიტუაციის სირთულე და დრამატულობა, არამედ ის თუ რამდენად თავდაჯერებულია თავის უნარებში. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანი რომელსაც დაბალი აქვს თვითრწმენა, უფრო მიდრეკილია მაღალი სტრესის ფონი ჰქონდეს.

რა განაპირობებს სტრესს?

მეცნიერები გამოყოფენ სტრესის სხვადასხვა ფრომას. მათ შორის აღსანიშნავია:
1. დროის სტრესი
თითოეული ჩვენთაგანი ღელავს იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად ეფექტურად იყენებს დროს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია დროის მართვის უნარებზე მუშაობა, დღის გეგმის შედგენა, დილიდან ყველაზე რთული ამოცანის გადაჭრა, რეალისტური დაგეგმარება და სხვ. ასევე, ამოწერა ყველა იმ საკითხის, რაც გვაწუხებს. დღის გეგმის შედგენა გვეხმარება გავათავისუფლოთ გონება და მოვდუნდეთ. სანამ დღის განმავლობაში გადასაჭრელი ამოცანები თავში ირევა, დიდ ლუკმადაა აღქმული და შფოთს იწვევს. როგორც კი მას ამოვწერთ და დავყოფთ მცირე ნაბიჯებად, გამკლავებაც გვიმარტივდება.

2.მოლოდინის სტრესი
მომწონს მარგარეტ ტეტჩერის ცნობილი ფრაზა იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანები დროის 80% ხარჯავენ ღელვაში იმაზე, რაც არ ყოფილა და არასოდეს მოხდებაო. ჩვენ მუდმივად ვიქმნით გარკვეულ მოლოდინს ადამიანებთან თუ მოვლენებთან დაკავშირებით და როდესაც სხვაგვარად ხდება, იმედგაცრუება და სიბრაზე გვეუფლება. აღნიშნული სტრესის თავიდან ასარიდებლად მნიშვნელოვანია განვავითაროთ გაცნობიერებულობის უნარები – ვიღელვოთ არა მომავალზე, რომელიც ჯერ არ დამდგარა, არამედ ვიგრძნოთ არსებული მომენტის მოცემულობა. ხშირად ხდება ისე, რომ მომავალზე თუ წარსულზე ღელვაში ჩვენ ხელიდან ვუშვებთ მიმდინარე პოზიტიური მოვლენების აღქმას და შესაბამისად სასიამოვნო ემოციებს ვიკლებთ.

რაც ჩვენ 2+2=4 გვგონია, სხვისთვის სულაც შეიძლება არ იყოს ასეთი ცალსახა. მოქნილი აზროვნების უნარი და განსხვავებულის მიღება არანაკლებ მნიშვნელოვანია. სამყარო საკმაოდ მრავალფეროვანია. ვისწავლოთ მივიღოთ ადამიანები არა ისეთები, როგორიც ჩვენ მიგვაჩნია რომ უნდა იყვნენ, არამედ ისეთები, როგორიც ისინი არიან სინამდვილეში, ნამდვილი ემპათიის ნიშანია.3.სიტუაციური სტრესი საგანგებო სიტუაციებს მოიცავს. იქ სადაც გარემო პირობებზე ვერ ვახდენთ ზეგავლენას, ან უცაბედი კონფლიქტის მომსწრეები ვართ. გაცნობიერებულობა აქაც მნიშვნელოვანია, თვითრწმენა კი ნებისმიერი რთული სიტუაციის გასაღები.
4.სოციალური სტრესისადმი განსაკუთრებით ის ადამიანები არიან მიდრეკილნი, ვინც მომსახურების სფეროში მუშაობს და დღის განმავლობაში მრავალ ადამიანთან უწევს ურთიერთობა. ცნობილია, რომ ემოციური ინტელექტის განვითარება ასეთ ადამიანებს “ემოციური გადაწვის სინდრომისგან” იცავს. ემოციური ჰიგიენის დაცვა, ღრმა სუნთქვა და მოდუნების ტექნიკები ასეთ დროს საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.
5. ოქსიდაციური სტრესი ეწოდება დისბალანსს გარემოში არსებული თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებასა და ორგანიზმის გამწმენდ ფუნქციას შორის. შემწვარი, არაჯანსაღი საკვები, თამბაქო, ალკოჰოლი, პესტიციდების შემცველი პროდუქტები, დაბინძურებული ჰაერი ორგანიზმში ტოქსინებად გროვდება და სისტემა გაწმენდას ვეღარ ასწრებს. შემდგომ ჩნდება ისეთი სინდრომები, როგორიცაა არამკაფიო აზროვნება (დაბინდული გონება), იკლებს ენერგიის დონე. ამიტომაცაა ჯანსაღი ცხოვრების წესი თანამედროვე ადამიანის საუკეთესო არჩევანი.

რა მექანიზმები არსებობს სტრესის დასარეგულირებლად და სამართავად?

საჭიროა შევიძინოთ ის უნარ-ჩვევები, რომელიც შიდა მხარდამჭერ გარემოს შეგვიქმნის. პოზიტიური აზროვნება აუცილებელია ჩვენი კეთილდღეობისთვის. მას შემდეგ რაც შევამჩნევთ რა არ გამოგვივიდა, აუცილებლად უნდა გადავიტანოთ ფოკუსი იმაზე, თუ რა გაკვეთილი გამოვიტანეთ, რა გამოცდილება მივიღეთ და რას გავაკეთებთ უკეთ შემდეგ ჯერზე. ვინაიდან ჩვენს ფიქრებს შესაბამისი ემოციაც მოყვება, ხოლო ემოცია ორგანიზმში ჰორმონალურ ფონს განსაზღვრავს.
დღევანდელ ადამიანს მოდუნების სწავლა სჭირდება. ჩვენ სულ უფრო მცირე დროს ვატარებთ ბუნებაში, არ ვახდენთ სრულფასოვან განტვირთვას, რაც ცუდად აისახება ჯანმრთელობასა და ფსიქოემოციურ ბალანსზე. დილის გასეირნება და ძილის რეჟიმის მოწესრიგება ელემენტალური ჩვევებია, რომელიც ჩვენი კეთილდღეობის ხარისხს განსაზღვრავს.

როგორ უნდა მართოს მენეჯმენტმა სტრესული გარემო სამსახურში?

განვითარებულ მსოფლიოში კომპენიების ხელმძღვანელები მიხვდნენ, რომ მათთვის არამომგებიანია ემოციურად გადაღლილი, სტრესში მყოფი თანამშრომლების ყოლა, ვინაიდან კვლევები აჩვენებს, რომ ასეთი ადამიანის შრომის ნაყოფიერება მინიმუმ 20%-ით ეცემა. მაგალითად, აშშ-ში გამოთვლილია მონაცემები, რომლის მიხედვითაც მაღალი სტრესის მქონე თანამშრომელი კომპანიას 2000 დოლარით მეტი უჯდება წელიწადში (სამედიცინო, სადარვევო ხარჯი). სწორედ ამითაა განპირობებული, რომ სულ უფრო მეტი ორგანიზაცია თავაზობს თავის თანამშრომლებს ემოციური ინტელექტისა და გაცნობიერებულობის ტრენინგებს და ახალი თანამშრომლის ინდუქციას აღნიშნულის სწავლებით ახდენს. ამიტომაც საამაყოა ის პრეცენდენტები, როდესაც ქართულ რეალობაში კომპანიებმა დაიწყეს ემოციური ინტელექტის მიხედვით თანამშრომელთა გადამზადება და მათზე ზრუნვა.
მნიშვნელოვანია ადამიანებმა თვითონ აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ კეთილდღეობაზე. ჯანსაღი ცხოვრების უნარები, სპორტი, ბუნებასთან კავშირი, თვითრწმენის კულტივირება და პოზიტიური აზროვნება აღნიშნულის საწინდარია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

17 ოქტომბერი, 2018

სხვა ჩანაწერები