როგორ მივიდეთ დასახულ მიზნამდე – FM ქოუჩი

როგორ მივიდეთ დასახულ მიზნამდე – FM ქოუჩი

დასახული მიზნების ბოლომდე მიყვანა არც ისე მარტივია, ხშირად ადამიანები უარს ამბობენ საკუთარ მიზნებზე. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს მცირედი დაბრკოლებაც კი. როგორ მივიყვანოთ მიზნები ბოლომდე – გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ქოუჩი თინათინ ბასილაია.

რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ?

როდესაც მიზნებს ვისახავთ და ვიწყებთ პირველი ნაბიჯების გადადგმას, ვგრძნობთ ენთუზიაზმს და ენერგიას. თუმცა გადის დღეები და ენთუზიაზმი იკლებს, გვხვდება ბარიერები და ხშირად ვნებდებით. ერთ დღეს ენერგიულად და ენთუზიაზმით დაწყებული საქმე შეიძლება მივატოვოთ და აღარ გვეყოს ენერგია ბოლომდე განვაგრძოთ სასურველი მიზნის მიმართულებით სვლა.

1.საჭიროა დავისახოთ ისეთი მიზანი, რომელიც ჩვენს ღირებულებებთან და ფასეულობებთან თანხმობაშია. ვიცოდეთ რა გვსურს. ხშირად ჩვენს თავს და ჭეშმარიტს სურვილებს არ ვიცნობთ. აქედან გამომდინარე ვისახავთ ხოლმე ისეთ მიზნებს, რომლებიც არ გვაქვს ბოლომდე გაცნობიერებული. ამიტომ საჭიროა პირველ რიგში გავიგოთ რა გვსურს სინამდვილეში და აქედან გამომდინარე დავისახოთ მიზნები.

2. საჭიროა გვქონდეს აბსოლუტურად ცხადი ხედვა რატომ გვსურს ამა თუ იმ მიზნის მიღწევა. რატომ არის ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი. რატომ არის ეს სხვა ადამიანებისთვისაც მნიშვნელოვანი, კიდევ ვის დაეხმარება. როდესაც ჩვენი მიზნები ხდება სხვა ადამიანებისთვისაც მნიშვნელოვანი და სასარგებლო ამ დროს ჩვენში ძალიან დიდი ძალა იღვიძებს და ჩვენ ვხდებით შეუჩერებელნი.

3. მნიშვნელოვანია გვქონდეს ცხადი ხედვა, თუ როგორ მივაღწევთ მიზანს. ამაში ქოუჩინგი გვეხმარება. კითხვების დასმის შემდეგ ადამიანი ცხადად ხედავს როგორ მოხვდეს A წერტილიდან B წერტილში. A წერტილი არის ის, სადაც ვიმყოფებით, ხოლო B წერტილი არის ის, სადაც გვსურს მისვლა.

რამდენად მნიშვნელოვანია ავიღოთ პასუხისმგებლობა?

მიზნის მიღწევის გზაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს თავზე ავიღოთ 100%-იანი პასუხისმგებლობა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ თავად ვართ ჩვენი ცხოვრების შემოქმედები. როგორი ბარიერიც არ უნდა შეგხვდეს, თუ გულწრფელები ვიქნებით საკუთარ თავთან და მას ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ ის თავად შევქმენით, “მოვიზიდეთ” – ჩვენი ფიქრებით, შეხედულებებით, მოლოდინებით, ჩვენს ქვეცნობიერში არსებული პროგრამებით და ა.შ. როდესაც პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენს რეალობაზე, ეს გვეხმარება დავრჩეთ ძლიერ პოზიციაში და გამოვიდეთ მსხვერპლის როლიდან. ძლიერი პოზიციიდან მოქმედება კი ნიშნავს რომ ჩვენ შეგვიძლია არსებული სიტუაცია გარდავქმნათ საკუთარ თავზე მუშაობით.

რაც უფრო დიდია მიზანი, მით უფრო მეტად უნდა გავიზარდოთ პიროვნულად, რომ ჩვენს B წერტილს შევესაბამებოდეთ. როდესაც მიზანი დიდია და გვიწევს კომფორტის ზონიდან გამოსვლა, ხშირად შეიძლება ვიგრძნოთ ჩვენში გარკვეული წინააღმდეგობა – გვინდა რაღაცის გაკეთება, კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ვერ ვდგამთ, ვერ ვმოქმედებთ. ასეთ დროს საქმე გვაქვს შინაგან ბლოკებთან. იმისთვის, რომ შინაგანმა ბლოკებმა არ შეგვაფერხოს, აუცილებელია მათგან გავთავისუფლდეთ და ვიმუშავოთ საკუთარ თავზე. როდესაც ამ ბლოკებისგან ვთავისუფლდებით ჩვენში დიდი ენერგია იღვიძებს და ამ ენერგიას მივმართავთ სასურველი მიზნის მიღწევისკენ.

29 ნოემბერი, 2018

სხვა ჩანაწერები