რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესის ქოუჩინგი – FM ქოუჩი

რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესის ქოუჩინგი – FM ქოუჩი

გადაცემის ლაივი LIVE

ჯანსაღი კვება, ძილის რეჟიმი, ფიზიკური დატვირთვა, სუფთა ჰაერზე დროის გატარება, პოზიტიური აზროვნება და ემოციური ჰიგიენა – ეს არის ჯანსაღი ცოვრების წესის ძირითადი შემადგენელი ნაწილები. ამასთანავე, კვების რეჟიმი საკმაოდ ინდივიდუალურია და სხვადასხვა ადამიანს ინდივიდუალურად შერჩეული კვება სჭირდება. თუმცა არსებობს გავრცელებული თავისებურებები, რომელიც სასარგებლოა თითოეულმა ჩვენთაგანმა დაიცვას. რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესის ქოუჩინგი გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ქოუჩი, ტრენერი ეკატერინე ბაბუნაშვილი.

რა არის მნიშვნელოვანი ჯანსაღი ცხოვრების რეჟიმის შემოღების დროს?

შაქარი საკმაოდ მავნე პროდუქტია და ბევრმა არ იცის, რომ იგი დამოკიდებულებას იწვევს. შაქარის მოქმედება თავის ტვინზე ნარკოტიკული ნივთიერებების მოქმედების მაგვარია. ამიტომაც, რაც უფრო ხშირად ვიღებთ ტკბილს, მით უფრო მეტად გვინდება იგი. ყველსაც კი მიჩვევა ახასიათებს, ვინაიდან ყველის შემადგენლობაში ლაქტოზა შედის, რომელიც შაქარს შეიცავს. დღეს ბევრს საუბრობენ გლუტენის მავნებლობაზე, ვინაიდან, სტატისტიკურად, მსოფლიო მოსახლეობის 40%-ს იგი გამოხატული აქვს. გლუტენი ხორბლის ფქვილში, მანანის, ბურღულში, გადამუშავებული პროდუქტების შემადგენლობაში შედის.

რაც შეეხება ფიზიკურ დატვირთვას, იგი აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ადამიანი თავისი ევოლუციური განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ფიზიკურად შრომობდა და იგი ბუნებრივ მოთხოვნილებას წარმოადგენს. ასეთ დროს აქტიურდება მეტაბოლიზმი, ორგანიზმი იწმინდება შლაკებისგან და გამოიყეფა დიდი რაოდენობით ენდორფინები – ბედნიერების ჰორმონები, რაც ჩვენს ჰარმონიასა და შიდა ბალანსს უწყობს ხელს.

ძალზედ მნიშვნელოვანია ბუნებასთან სიახლოვე, სუფთა ჰაერზე სეირნობა კვირის განმავლობაში რამდენიმეჯერ მაინც. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დადებითი მხარეების გარდა, როგორიცაა ვიტამინი D-ს ათვისება, ორგანიზმის ჟანგბადით გამდიდრება და სხვა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ტვინის კრეატიული პოტენციალი სწორედ ბუნებაში იღვიძებს.

რა როლს თამაშობს ქოუჩი ასეთ დროს?

ქოუჩი ეხმარება ადამიანს ახალი, ჯანსაღი უნარ-ჩვევების განვითარებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. ასეთ დროს, ჩვენ ვუყურებთ როგორი ცხოვრების რეჟიმი აქვს ადამიანს, როგორია მისი დროის მართვის უნარები, რამდენად დაცულია სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი, ნიშანდობლივია ემოციური ინტელექტის დონე და ემოციურ ჰიგიენასთან დაკავშირებული უნარები და სხვ.

საჭიროა ქოუჩი დარწმუნდეს რომ საქმე არ გვაქვს კვებით დარღვევასთან, ვინაიდან ეს გახლავთ ფსიქოლოგიური პრობლემა და იგი სცდება ქოუჩინგის კომპეტენციის ფარგლებს. საჭიროა ასეთი ადამიანის გადამისამართება მოხდეს ფსიქოლოგთან. სიგარეტის მოწევა,ასევე, დამოკიდებულებებს განეკუთვნება და ქოუჩინგი არ მუშაობს ამგვარი სახის საკითხებთან, აქ უკვე კლიენტმა სხვა დამხმარე სპეციალისტებს თუ საშუალებებს უნდა მიმართოს.

ჯანსაღი ცხოვრების წესის ქოუჩინგი მოიცავს ქოუჩინგისა და მენტორინგის ფაზებს. იგი იყოფა ეტაპებად, სადაც საჭიროა გარკვეული ინფორმაცია მივაწოდოთ კლიენტს ჯანსაღი ცხოვრების წესის, სხვადასხვა კვების რეჟიმის თავისებურებების შესახებ, ვასწავლოთ გარკვეული სავარჯიშოები, რომელსაც პიროვნება გარკვეული სიხშირით გააკეთებს. ქოუჩ-სესიების დროს კი ადამიანი უღრმავდება საკუთარ თავს, პოულობს იმ ღირებულებებსა და შიდა რესურსებს, რომელიც დასაყრდენი ხდება მისთვის ახალი ცხოვრების გზაზე.

როგორ ხდება ახალი უნარების ჩამოყალიბება?

ყველას გვაქვს როგორც სასარგებლო, ისე მავნე ან არაეფექტური ჩვევები. ჯანსაღი ცხოვრების წესის ქოუჩინგის პროცესის დროს ხდება არსებული უნარების ე.წ. “ინვერტარიზაცია”, რათა ჩვენ ვნახოთ რა მოცემულობა არსებობს და ამ უნარებიდან რა დაუჭერს მხარს ადამიანს და რა შეუშლის ხელს ჯანსაღი ცხოვრების რეჟიმისკენ სწრაფვის გზაზე.ახალი უნარის ჩამოყალიბებას მინიმუმ 21 დღე სჭირდება ყოველდღიური პრაქტიკის პირობებში, საშუალო ვადა კი, როგორც კვლევები გვაჩვენებს, 66 დღით განისაზღვრა. აქ მნიშვნელობა აქვს ადამიანის პიროვნულ თავისებურებებს, ფიქრის დროს, დატვირთვას და სხვ. ნიშანდობლივია, რომ ჩვენ გაგვიჭირდება განვავითაროთ რამდენიმე ახალი უნარი ერთდროულად, ვინაიდან ტვინს შეუძლია დაიმახსოვროს ინფორმაციის მხოლოდ 2-3 ერთეული ერთი და იმავე დროის მონაკვეთში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაგვიჭირდება ყველა საჭირო ცვლილება ერთდროულად მოვახდინოთ.  დავკავდეთ სპორტით, როდესაც მანამდე არ გვივარჯიშია, მთლიანად შევცვალოთ კვების მენიუ, გარდავქმნათ ძილის რეჟიმი, ვიმუშავოთ ემოციური ინტელექტის განვითარებაზე – შესაძლოა რთული იყოს დროის ერთი და იმავე მონაკვეთში, თუმცა ძალიან რეალური და  სასარგებლო თუ მას თანამიმდევრობით გავაკეთებთ. აქ მნიშვნელოვანია პრიორიტეტების განსაზღვრა და ქოუჩინგის დროს ხშირად ვეკითხებით კლიენტს თუ რომელი ცვლილება იქონიებს ყველაზე დიდ  და სასიკეთო ზეგავლენას მის ცხოვრებაზე? ან რომელი უნარის განვითარება შეუქმნის ნოყიერ ნიადაგს ჯანსაღი ცხოვრების სხვა უნარებს აღმოცენებისთვის?

თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია. ყოფილა არაერთი შემთხვევა, როდესაც მიმუშავია ადამიანთან ემოციური ინტელექტის განვითარების მიმართულებით და ეს გამხდარა ძალიან სასარგებლო,  ცვლილებების კატალიზატორი ადამიანისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის გზაზე. როდესაც ვიწყებთ ემოციური ჰიგიენის დაცვას და ემოციების მართვას ვსწავლობთ ეს ნიშნავს, რომ მეტი ენერგია გვეზოგება, გონება უფრო მკაფიოდ მუშაობს და ადამიანები უფრო პროდუქტიულები ხდებიან. ემოციური ინტელეტის განვითარება, საკმაოდ ღრმა პროცესია დაკავშირებული საკუთარი თავის შესწავლასთან და ამ პროცესში ადამიანი მიდის იმ სასიკეთო ცვლილებებამდე, რომელიც მისთვის სასარგებლოა.

არსებობს გარკვეული ქცევითი შაბლონები, რომელიც შესაძლოა ადრე მუშაობდა ჩვენს სასიკეთოდ, მაგრამ დღეს უკვე დაკარგა აქტუალობა, ჩვენ კი მაინც გაუცნობიერებლად ისე ვაკეთებთ, როგორც გვჩვევია. მაგალითად ღამ-ღამობით წიგნის კითხვა, ერთის მხრივ ძალიან კარგი ჩვევაა და შესაძლოა ჩვენს სასიკეთოდ მუშაობდა სანამ არ გვყავდა ოჯახი, ბავშვები და ნაკლები დატვირთვა გვქონდა. ცხოვრების პირობების ცვლილებას აუცილებლად უნდა მოყვეს ძველი უნარ-ჩვევების ახლით ჩანაცვლება, რათა შევინარჩუნოთ ენერგია. ამ დროს კი სასარგებლოა გადავხედოთ ჩვენს ჩვევებს, ღირს კი ღამის 3 საათამდე ფილმის ყურება თუ დილის 7 საათზე უნდა დავიწყოთ ჩვენი დღე შვილებთან ერთად? ამ დროს მნიშვნელოვანია ისეთი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე როგორიცაა ფილმის ყურება თუ წიგნის კითხვა სხვა დროის მონაკვეთის გამოყოფა დღის განმავლობაში.

ძილს ზოგადად ლომის წვლილი შეაქვს ჯანსაღი ცხოვრების რეჟიმში, ვინაიდან ღამის 12 საათამდე ძილის თითოეული საათი ხარისხობრივად ძილის 2 საათს უდრის. ისეთ ცნობილ ადამიანს,მაგალითად, როგორიცაა ჯულია რობერტსი, არაერთხელ აღუნიშნავს ძილის მნიშვნელობის შესახებ. როდესაც მას კითხეს თუ რა იყო მისი სილამაზის საიდუმლო, მან სწორედ ადრე დაძინება დაასახელა და მას “სილამაზის ძილი” უწოდა. ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი ასეთი რეჟიმის ეფექტი. ბოლო დროს აღმოსავლური ორთაბრძოლებით დავინტერესდი. ჩემი დღე დილით 7 საათზე იწყება და კვირაში სამჯერ დილის 9 საათიდან დარბაზში ვარ. გამოძინებულს რეაქციაც სწრაფი მაქვს და კონცენტრაციასაც ბევრად უკეთ ვახდენ რომ აღარაფერი ვთქვათ გარეგნობასთან დაკავშირებულ დადებით მხარეებზე.

როგორ შევინარჩუნოთ ენერგია, რომ მეტად პროდუქტიულები ვიყოთ?

ადამიანს გარკვეული ენერგია ეძლევა დროის არსებულ მონაკვეთში, ჩვენი მიზანია იგი რაციონალურად გამოვიყენოთ და მისი აღდგენა მოვახდინოთ, ძილის, სწორი, ნუტრიენტებითა და ვიტამინებიც გაჯერებული კვების, დაბალანსებული ფიზიკური აქტივობისა და “ემოციური ჰიგიენის” უნარების მეშვეობით. ცნობილია, რომ არაჯანსაღი საკვების მონელებას ბევრად მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე სწორად შერჩეული კვების რეჟიმის დროს იხარჯება, ხოლო მაღალინტენსიურ უარყოფით ემოციებს გარკვეული “ნაბახუსევის” ეფექტი ახასიათებს. ბევრი ადამიანი შეამჩნევდა, რომ დარდი და ტირილი მეორე დღესაც კი ტოვებს კვალს ჩვენს ორგანიზმზე, რომელიც გამოიხატება დაღლილობით, ენერგიის ნაკლებობითა და უსიამოვნო ფიზიკური შეგრძნებებით. აღნიშნულს კი ჰორმონალური ფონის ცვალებადობა განაპირობებს.

ბოლო წლების მანძილზე ჩატარებულმა კვლევებმა ანახა, რომ ბევრ შემთხვევაში ჯანსაღი უნარ-ჩვევების განვითარებამ ადამიანების გენეტიკურად განპირობებულ დაავადებებსაც კი სძლია. ანუ, რიგ-შემთხვევებში უნარ-ჩვევა უფრო ძლიერია, ვიდრე გენეტიკა. არსებობენ ადამიანები, რომელთაც გენეტიკურად სიმსივნის პრობლემა ჰქონიათ და ჯანსაღი უნარ-ჩვევების განვითარებით მკურნალობასთან ერთად ასეთი სერიოზული სახის დაავადებაც კი დაუძლევიათ. აქედან გამომდინარე, ჯანსაღი უნარების განვითარება ენერგიას, სილამაზესა და ჯანმრთელობას გვინარჩუნებს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

25 აპრილი, 2018

სხვა ჩანაწერები