რამდენად სწორია წინასწარი მოლოდინების შექმნა – FM ქოუჩი

რამდენად სწორია წინასწარი მოლოდინების შექმნა – FM ქოუჩი

გადაცემის ლაივი LIVE

ხშირად ადამიანები წინასწარ მოლოდინს იქმნიან სხვა ადამიანებთან მიმართებაში, ასევე შეხვედრასა თუ გასაუბრებასთან დაკავშირებით. რამდენად სწორია წინასწარი მოლოდინების შექმნა, გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ტრენერი ანდრო დგებუაძე.

რამდენად სწორია წინასწარი მოლოდინების შექმნა?

მოლოდინების შექმნა არა მარტო შეცდომაა, არამედ ჩემი აზრით, კაცობრიობის უბედურება მოდის სწორედ აქედან. არსებობს სიტყვა “მეგონა”, ეს “მეგონა” არის ორნაირი, მაგალითად, ერთ შემთხვევაში მგონია, რომ მაგარი არ ვარ, სუსტი ვარ, მოვხვდი ისეთ გარემოში, სადაც ყველა ჩემზე მაგარია, ასეთ დროს ადამიანებს ურჩენიათ იყვნენ თავისთვის კუთხეში და არ იაქტიურონ, იწყებენ მორჩილების გაყიდვას, კომფორტს უქმნიან სხვა ადამიანებს და არა საკუთარ თავს. მეორე უკიდერესობაა, როცა ადამიანებს ჰგონიათ, რომ ყველაზე მაგრები არიან, მუდმივად გამოდიან ინიციატივით, ჰგონიათ, რომ მთებს გადადგამენ…შედარებისთვის, მოვიყვანოთ პოლიტიკოსების მაგალითი, მართინ ლუთერ კინგი ამბობდა, “მე მჯერა”, დღევანდელი პოლიტიკოსები ამბობენ: “მე ვგეგმავ”. სანამ მთების გადადგმას შევეცდებით, იმის თქმა უნდა შეგვეძლოს, რომ რაღაც ვიცით,  რაღაც არა, ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. მე რომ ვიყო მაგიდის მეორე მხარეს და კონკრეტულ პირთან კონტრაქტის დადებაზე ვფიქრობდე, გამიხარდება მან აღიაროს, რომ რაღაც არ იცის და სწავლა შეუძლია. უნდა შეგვეძლოს საკუთარი თავიდან გამოსვლა დასაკუთარი შესაძლებლობების გვერდიდან შეფასება.

როგორია ოქროს შუალედი?

ოქროს შუალედი და გამოსავალი არის ერთი, უნდა იყო ის რაც ხარ, მაგრამ სწორედ მაგაშია ყველაზე დიდი  სირთულე. ადამიანებს უჭირთ გაარკვიონ როგორები არიან. როდესაც მიხვდები ვინ ხარ, უფრო მარტივი ხდება აღიარო რა იცი და რა არა. ადამიანი საკუთარი თავის დამკვირვებელი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ან იფიქრებს, რომ ძალიან მაგარია, ან პირიქით. როდესაც ადამიანებს ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან, ეს კომპლექსებთან არის დაკავშირებული, ამ დროს ადამიანს არ აქვს საკუთარი სტილი, საკუთარი ხელწერა, არ აქვს გამოკვეთილი საკუთარი მე, ეს ბუნებრივია შიშის საფუძველს ქმნის, სწორედ ამ დროს ჩნდება ნიღაბის გაკეთების აუცილებლობა. მაგრამ, როდესაც იცი ვინ ხარ, მაშინ მარტივად აღიარებ რა შეგიძლია და რა არა.

შეცდომების აღიარება როგორ ადამიანებს უადვილდებათ?

შეცდომების აღიარება ადამიანის ზრდასრულობის ნიშანია. შეცდომის აიარება ბევრს არ შეუძლია. შეცდომის აღიარებას იმხელა ეფექტი აქვს, რომ ის სხვა ადამიანსაც უბიძგებს აღიაროს. კარგი მენეჯერი აღიარებს შეცდომებს, მისთვის გახსნილობა არის ის ღირებულება, რომელიც მაგიდაზე უნდა დაიდოს. არჩევანი შემდეგია, რა ურჩევნია როგორც ხელმძღვანელს, მათრახის ქვეშ ჰყავდეს თანამშრომლები და ვერ ბედავდნენ ვერაფერს, მათ შორის ინოვაციასაც, თუ იყოს გუნდში მეტი გახსნილობა, იყოს შეცდომებიც და ახალი იდეებიც. მომწიფებულ მენეჯერი ირჩევს მეორეს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

11 ივნისი, 2018

სხვა ჩანაწერები