რა ტექნოლოგიებს უნდა ფლობდეს თანამედროვე მენეჯერი – FM ქოუჩი

რა ტექნოლოგიებს უნდა ფლობდეს თანამედროვე მენეჯერი – FM ქოუჩი

ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატება დგას ადამიანებზე. შესაბამისად, ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი უნდა იყოს მასში მომუშავე ადამიანების რესურსების და პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა და ათვისება. ქოუჩინგი მართვაში არის სწორედ ის ახალი ტექნოლოგია, რომელიც ამ მიზანს ემსახურება. რა ტექნოლოგიებს უნდა ფლობდეს თანამედროვე მენეჯერი და როგორი თვისებები აქვს კარგ ლიდერს – გადაცემის „FM ქოუჩი“ სტუმარია ტრენერი ირინა ჭოჭუა.

რა ტექნოლოგიებს უნდა ფლობდეს თანამედროვე მენეჯერი?

თანამედროვე მენეჯერი დღეს უნდა ფლობდეს მართვის ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა ქოუჩინგი, რათა შეძლოს თავისი სამუშაო გუნდის რესურსების მაქსიმალური განვითარება. მენეჯერი შესაძლოა მოგვევლინოს რამდენიმე როლში, მათ შორის ლიდერის, ქოუჩის ან მენტორის როლში. მენეჯერის, მმართველის ფოკუსი არის ორგანიზაციის მიზნების მიღწევა. ლიდერი ფოკუსირებას აკეთბს შთაგონებასა და მოტივაციაზე. ქოუჩის ფოკუსია თანამშრომლის განვითარება, მენტორისა კი –  სწავლება.

ხელმძღვანელი, როგორც ლიდერი საინტერესო და საკმაოდ რთული როლია. ლიდერი არის ადამიანი, რომელიც გუნდის მუშაობას განსაზღვრავს და შედეგზეა პასუხისმგებელი. ლიდერმა უნდა შეძლოს გუნდის შთაგონება, მოტივაციის ამაღლება, მატერიალური და არამატერიალური წახალისება, გუნდის თითოეული წევრის სწორი ადაპტაციის ხელშეწყობა და სიძნელეების დაძლევა მათთან ერთად. ლიდერი არის ადამიანი, რომელსაც გუნდის წევრები ბაძავენ (კარგი გაგებით). ლიდერი ნერგავს გუნდში მისიას, მიზნებს და ღირებულებებს, რის გარშემოც ერთიანდება გუნდი.

როგორი თვისებები აქვს კარგ ლიდერს?

კარგი ლიდერები არიან ქარიზმატული ადამიანები, რომელთა თვითშეფასება და საკუთარი თავის რწმენა მაღალია. ლიდერი უნდა იცნობდეს გუნდის წევრებს ძალიან კარგად და არა მხოლოდ სახელ-გვარებით. ლიდერს, პირველ რიგში, თვითონ სჯერა, რასაც აკეთებს და აქვს უნარი ეს რწმენა გადასცეს სხვებსაც. აქვს კარგი კომუნიკაციის უნარები, გახსნილია და უსმენს ადამიანებს, რადგან ლიდერისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი რესურსების გამოვლენაა. ასევე ლიდერს აქვს სხარტი გონება და შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში იაზროვნოს როგორც შემოქმედებითად, ასევე ლოგიკურად. ლიდერი არის გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით და მას აქვს მაღალი თვითდისციპლინა.

ლიდერი არის სტრატეგიულად მოაზროვნე და ის პერსპექტივაში ხედავს განვითარების შესაძლებლობებს. მას აქვს მიზანი და ამ მიზნისკენ მიმავალი სტრატეგიული გეგმა.  თუ არ აქვს, მუშაობს ამ საკითხზე. ასევე მას აქვს უნარი დაეხმაროს ადამიანებს მიზნის დაგეგმარებაში, მისცეს მიმართულებები და იყოს თანამონაწილე ამ მიზნის განხორციელებაში. ქოუჩინგში გვაქვს მიზნის დასახვის ტექნოლოგია, რაც გულისხმობს, რომ მიზანი უნდა იყოს ფორმულირებული პოზიტიურად, კონკრეტუად, რეალისტურად, დროში გაწერილი, უნდა იყოს მიღწევადი, ღირებული და ა.შ. ყველა ამ კრიტერიუმზე ლიდერი მუშაობს და მუშაობს გუნდათ ერთად. ლიდერის ამოცანაა მოახდინოს ერთიანი გუნდის ჩამოყალიბება, რომელსაც ექნება საერთო ხედვები, მიზნები, ღირებულებები და მაღალი მოტივაცია. ასევე ლიდერი არის მოქნილი ადამიანი, რომელსაც შეუძლია სიტუაციაში სწრაფად გარკვევა და აქვს ლავირების უნარი. ლიდერს აქვს დარწმუნების უნარები და მას ენდობიან. იგი აქტიურია, ღიმილიანი და ზოგჯერ კატეგორიულობაც უხდება.

მენეჯერის ფუნქციები…

მენეჯერი, როგორც ქოუჩი სხვა ამოცანებზეა ფოკუსირებული, თუმცა ხშირად მისი ფუნქციები იკვეთება ლიდერი მენეჯერი ფუნქციებთან. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქოუჩინგში მართვაზე, პირველ რიგში ვგულისხმობთ ადამიანის პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის ხელშეწყობას. ძალიან ბევრი ორგანიზაცია ცდილობს შექმნას შესაბამისი გარემო ამისთვის და იყენებს სხვადასხვა მეთოდებს. ამომავალი წერტილი კი ამ შემთხვევაში არის პარტნიორული გარემოს შექმნა, ღია კითხვები, დიალოგი და დისკუსიის ფორმატი და ეს ყველაფერი ნდობის საფუძველზე. ქოუჩინგური მეთოდები ხელს უწყობს საუკეთესო გუნდის ფორმირებას, მუშაობს რა გუნდის ხედვასა და მიზნებზე, მოტივაციასა და ღირებულებებზე. ქოუჩინგი მართვაში ასევე გულისხმობს მუშაობას ისეთ ხელისშემშლელ ფაქტორებთან, როგორიცაა შიშები, ეჭვები, ნეგატიური გამოცდილება. ნებისმიერ გარემოში და სიტუაციაში, მმართველს, რომელიც ირჩევს ნებისმიერს ამ როლებიდან, უნდა ჰქონდა მაღალ დონეზე განვითარებული მოსმენის და შესაბამისი უკუკავშირის გაცემის უნარი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

26 სექტემბერი, 2018

სხვა ჩანაწერები