რა ფაქტორები აფერხებს საჯარო გამოსვლას  – FM ქოუჩი

რა ფაქტორები აფერხებს საჯარო გამოსვლას  – FM ქოუჩი

გადაცემის ლაივი LIVE

საჯარო გამოსვლას, იქნება ეს მიმართვა თუ პრეზენტაცია, ყოველთვის თან ახლავს შიში. შიში კი უზრუნველყოფს სხვა დანარჩენს, რაც საჯარო გამომსვლელს უშლის ხელს წარმატებულ, ეფექტურ და ეფექტიან გამოსვლაში. რა ფაქტორები აფერხებს საჯარო გამოსვლას – გადაცემის ”FM ქოუჩი” სტუმარია ტრენერი, ალექსი ჩიქოვანი.

რატომ უჭირთ ადამიანებს საჯარო გამოსვლები ? საჯარო გამოსვლას, იქნება ეს მიმართვა თუ პრეზენტაცია, ყოველთვის თან ახლავს შიში. შიში კი უზრუნველყოფს სხვა დანარჩენს, რაც საჯარო გამომსვლელს უშლის ხელს წარმატებულ, ეფექტურ და ეფექტიან გამოსვლაში.

კვლევების თანახმად, რომელზეც საჯარო გამოსვლების ერთერთი ყველაზე პოპულარული პლატფრომა TED – ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი კრის ანდერსონი თავის წიგნში “გამოსვლები ტედზე” (TED Talks) მიუთითებს (რომელსაც ძალიან გირჩევთ, თუ საჯარო გამოსვლების ხელოვნებით ხართ დაინტერესებულები), საჯარო გამეოსვლის შიში ხშირად ლიდერობს ადამიანების მიერ დასახელებულ შიშებს შორის და უსწრებს ისეთ შიშებს, როგორიც არის გველის, ობობის, სიმაღლის, სიბნელის და სიკვდილის შიშიც კი! ამ ყველაფერს ემატება და შიშს აძლიერებს შესაბამისი უნარების არქონა და იმ ხერხების არ ცოდნა, რაც საჯარო გამოსვლაში ეხმარება ადამიანს.

ასევე, კველვების თანახმად, დგინდება, რომ საბოლოოდ ეს სირცხვილის განცდის, რეპუტაციის დაზიანების შიშია, რადგან გამოსვლისას თუ „ჩავარდი”, მერე ყველა შენზე ისაუბრებს და დაგცინებს. „რომ არ გამომივიდეს?!“, „აუუ, თავი მომეჭრება”, “ვაიმე მაგრად დამცინებენ”, “აჰ, არა! არ შემიძლია, მე მაგის ნიჭი არ მაქვს!”- გეცნობათ ალბათ არა?! რატომ ფიქრობს ადამიანი, რომ ის წარუმატებელი იქნება, რომ მას არ შეუძლია, რა აძლევს მას ამის საფუძველს და საიდან მომდინარეობს ეს საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, რთული სათქმელია, უამრავი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ეს უფრო ფსიქოლოგების კომპეტენციაა და მე არ მივცემ თავს უფლებას, ამ საკითხზე ვრცლად ვისაუბრო.

თუმცა, გარწმუნებთ, რომ როგორც არ უნდა გეშინოდეთ, შესაბამისი მომზადების შედეგად, თქვენ აუცილებლად შეძლებთ იყოთ კარგი გამომსვლელი და კომუნიკატორი. გარწმუნებთ, იმიტომ, რომ პირადად მინახავს, როგორ გარდაიქმნება დილით ტრეინინგის დაწყების დროისათვის მორცხვი, გაუბედავი, შეშინებული ადამიანი, ლაღ და ენაწყლიან კომუნიკატორად საღამოს, ტრეინინგს დასრულებისას – იმაზე გაცილებით უკეთეს ვერსიად, ვიდრე დილით იყო.

ამიტომ, კარგი ამბავი ის არის, რომ შიშის დაძლევა, უმეტეს შემთხვევაში, შესაძლებელია და (თუ რაიმე ფსიქოლოგიური პრობლემა არ დგას და თუ ეს პრობლემა მოგვარდება, საჯარო გამოსვლის შიშიც გაქრება) და კარგი საჯარო გამოსვლა კარგი მომზადების შედეგად აბსოლუტურად მიღწევადი მიზანია. მთავარია სურვილი, დანარჩენი 21-ე საუკუნეში, პრობლემას არ წარმოადგენს.

და ბოლოს, მინდა კიდევ მეტად გაგამხნევოთ და გითხრათ, რომ საჯარო გამოსვლის შიში (ისევე როგორც საზოგადოდ შიში) ყველას განუცდია, მათ შორის და შეიძლება სხვებზე მეტადაც მათ, ვინც დღეს ან წარსულში ძლიერ კომუნიკატორებად, ორატორებად, პრეზენტატორებად და გამომსვლელებად არიან ცნობილი. თუმცა, მათ ეს შიში გადალახეს, ივარჯიშეს და გახდნენ სტივ ჯობსები, მარტინ ლუტერ კინგები, ნელსონ მანდელები და ასე შემდეგ.

ასე, რომ ვისაც დღეს უჭირს საჯაროდ გამოსვლა და სურს ამ შიშის დაძლევა, ის აუცილებლად მიაღწევს ამას!


რას ენიჭება მნიშვნელობა საჯარო გამოსვლების დროს, რა ზოგადი უნარები უნდა ჰქონდეს საჯარო გამომსვლელს?

 არსებობს მოსაზრება, რომ ზოგი ადამიანი დაბადებულია კარგ ორატორად და ზოგს ეს ნიჭი არ გააჩნია. მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, რადგან ვფიქრობ, რომ კონკრტული ნიჭის არქონაში კი არ არის საქმე, არამედ კონკრტული ადამიანის გამბედაობაში! შესაბამისად, ზოგს, ვინც უფრო გამბედავია, უადვილდება საჯარო გამოსვლა, ზოგს კი უჭირს. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ბუნებრივად ახერხებს თავისი გამოსვლის სწორად აწყობას, ქარიზმატულია და გამოსდის, ზოგს კი არა. ვიმეორებ: სურვილის შემთხვევაში, ყველანაირი ბარიერის გადალახვაა შესაძლებელი და საჯარო გამოსვლის სწავლაც აბსოლუტურად რეალურია. რა თქმა უნდა, ყოველთვის იარსებებენ ქარიზმატული ორატორები (გამომსვლელები) და ნაკლებად ქარიზმატულები. მაგრამ კარგი, მკაფიო, ეფექტიანი და ეფექტური გამოსვლის უნარების შეძენა შესაძლებელია.

რაც შეეხება უნარებს, პირველ რიგში ვიტყვი, რომ ყველა საჯარო გამოსვლას კონკრეტული მიზანი გააჩნია და გამომსვლელი, კომუნიკატორი, შესაბამისად უნდა მოემზადოს. მე აქცენტს საქმიან გამოსვლაზე/ბიზნეს გამოსვლაზე და პრეზენტაციაზე გავაკეთებ, რადგან პოლიტიკურ გამოსვლებს დამატებითი სპეციფიკა გააჩნია და ეს ამ ეტაპზე არ არის ჩემი ინტერესის სფერო. თუმცა, საჯარო გამოსვლის ფუნდამენტალური პრინციპები ერთია და ამას ცოდნა ესაჭიროება.

რა თქმა უნდა, უპირატესობაა კარგი მეტყველების უნარი; კარგად დამუშავებული სხეულის ენა; აზრის გამართულად არტიკულაცია და ფორმულირება; მთავარი სათქმელის განსაზღვრის და მისი მოკლედ ჩამოყალიბების უნარი; დაგეგმვა და კვლევა საიმისოდ, რომ მაქსიმალურად კარგად მოამზადო გამოსვლა. და ბოლოს, ჩემი აზრით არსებობს ორი ძალიან მნიშვნელოვანი უნარი:

ერთი: გამოსვლისას დარჩე ბუნებრივი, ვინაიდან ხელოვნურობა დამღუპველია, უბრალოდ არ დაგიჯერებენ.

მეორე: შეგეძლოს თქვა არა, ამოყარო პრეზენტციიდან/სიტყვიდან ყველაფერი, რაც ზედმეტია. რთული გასაკეთებელია, რადგან ადამიანს ყოველთვის ეჩვენება, რომ ეს რაღაც მნიშვნელოვანია და უნდა იყოს, მაგრამ ხშირად ეს არ არის მნიშვნელოვანი და ტყუილად გვაკარგინებს დროს და კონცენტრაციას და შედეგად, აუდიტორიის ყურადღებას.

რა უფრო ფასეულია აუდიტორიაზე გავლენის მოხდენის თვალსაზრისით – ემოციური გამომსვლელი თუ გაწონასწორებული მოსაუბრე?

ემოცია მთებს აბრუნებს, აღწევს ადამიანის გულებში და ტვინებში. რაც მთავარია, უბიძგებს მათ ქმედებისკენ – ეს ყველამ კარგად უნდა გაიაზროს. არ აქვს მნიშსვნელობა, რა თემაზე საუბრობთ, თუნდაც, ერთი შეხედვით, მშრალი თემა იყოს, ემოციას ყველგან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და სწორედ ემოციას შეუძლია „მშრალი“ თემა საინტერესოდ და დასამახსოვრებლად აქციოს და მონუსხოს  მსმენელი.

მაგრამ აუცილებლად უნდა განვასხვავოთ სათქმელის, ამბის ემოცია და გამომსვლელის ემოციური მდგომარეობა. ზემოთ მე სათქმელის, ამბის, ისტორიის ემოცია ვიგულისხმე, თუ რა ემოციის მატარებელია თვითონ ამბავი. ხოლო გამომსვლელი როგორ წარადგენს ამას, ეს უკვე გამოსვლის სტილია, მანერა. გამოსვლის სტილი კი ინდივუდუალურია და კონკრეტული ადამიანის ფსიქოტიპიდან გამომდინარეობს: ზოგი უფრო ცოცხლად, აქტიურად მოქმედებს, ზოგი – უფრო მშვიდად და დინჯად. ზოგს კი, განსაკუთრებით მათ, ვინც საჯარო გამოსვლის უნარ-ჩვევებს ფლობს, შეუძლიათ დააბალანსონ თავიანთი ემოციები საჭიროებიდან გამომდინარე,  ერთ შემთხვევაში იყოს ემოციური, მეორე შემთხვევაში კი დინჯი. მთავარია, ეს იყოს გამომსვლელის ბუნებრივი მდგომარეობა, ავთენტურობა და ამის დაკარგვას არავის ვურჩევ, ვინაიდან სხვა შემთხვევაში ეს ხელოვნური იქნება და თუ რამე არ ვარგა საჯარო გამოსვლისას, მათ შორის ხელოვნურობას ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია. ყველა გამომსვლელი თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს და კომფორტის უმთავრესი წინაპირობა ბუნებრივობაა.

როგორც ვთქვი, ყველა გამოსვლას თავისი მიზანი აქვს, მიზნიდან და აუცილებლად სათქმელის თემიდან გამომდინარე შეიძლება საჭირო იყოს სხვადასხვა მანერა: ერთ თემას შესაძლოა მოუხდეს ემოციური, აქტიური, მღელვარე გამოსვლა და მეორეს, პირიქით, დინჯი და გაწონასწორებული. თუ გამომსვლელი ფლობს საჯარო გამოსვლების უნარებს, ის მარტივად შეძლებს სტილის შერჩევას და საჭირო ადგილას საჭირო ემოციური აქცენტის გაკეთებას. ამბის, სათქმელის, ემოციის მიტანა ორივე სტილით არის შესაძლებელი ან სულაც მათი შერევით, მთავარია, ეს მოხდეს ბუნებრივად.

მინდა განვმარტო, რომ ხელოვნურობის უარყოფა არ ნიშნავს კორექტირებების და შესწორებების უარყოფას. შესაძლოა, ადამიანი ემოციური, ბობოქარი გამოსვლის სტილით ხასიათდებოდეს, მაგრამ ამ ყველაფერში იყოს რამე ზედმეტი, რაც შედეგად აუდიტორიაში უარყოფით ემოციებს და გაღიზიანებას გამოიწვევს. ან სულაც პირიქით, ზოგიერთ შემთხვევაში, გადამეტებულმა სიდინჯემ და გაწონასორებულობამ არ გაამართლოს და აუდიტორიას შეიძლება ძილი მოგვაროს. ამიტომაც, ამაზე მუშაობა „მოსულა” და ეს არ ნიშნავს ბუნებრივობის დაკარგვას.

ამდენად, ცალსახად იმის თქმა, ემოციური გამოსვლა სჯობს თუ გაწონასწორებული, არ იქნებოდა სწორი. გააჩნია სათქმელს, მიზანს, სიტუაციას, გარემოს, აუდიტორიას და რა თქმა უნდა, თავად გამომსვლელს.

ჟესტიკულაციის, ჩაცმის როლი საჯარო გამოსვლებში

რაც შეეხება ჟესტიკულაციას, უფრო ფართო გაგებით რომ ვთქვათ, სხეულის ენას, ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. მარტივად რომ ვთქვათ, სხეულის ენაზე მუშაობა შესაძლებელია და აუცილებელიცაა – ეს გამოსვლის სტილის ნაწილია. აქაც მთავარია ბუნებრივობა, მაგრამ შესაძლებელია, რომ სხეულის ენა ვაკონტროლოთ და სიტუაციის მიხედვით, შესაბამისი ჟესტი ავამოქმედოთ. აქ ალბათ მთავარი, რაც უნდა დავიმახსოვროთ, არის ის, რომ ჟესტმა, სხეულის ენამ, უნდა გაამყაროს, მკაფიო აქცენტი უნდა დასვას და გაამდიდროს თქვენი სათქმელი, მიუთითოს მნიშვნელოვანზე და არა პირიქით, გაფანტოს მსმენელის ყურადღება.

რაც შეეხება ჩაცმას, ამაზეც შეიძლება ბევრი საუბარი, ამიტომ, მოკლედ გეტყვით. ჩაიცვით ისე, რომ თავს კომფორტულად გრძნობდეთ და ამავე დროს, ის შეეფერებოდეს იმ სიტუაციას, სადაც იმყოფებით. ჩაიცვით ისე, რომ თქვენმა ჩაცმულობამ თქვენ სათქმელზე მეტი ყურადღება არ მიიპყროს და ის არ გახდეს ყველაზე დასამახსოვრებელი რამ თქვენი გამოსვლიდან. განსაკუთრებით, თუ თქვენ გამოსვლისას სლაიდებს და ვიზუალებს იყენებთ, ჩაიცვით ისე, რომ ადამიანებს საშუალება მისცეთ, მზერა სლაიდებს მიაპყრონ და არა თქვენს ტანსაცმელს. ჩემი აზრით, უნდა მოერიდოთ კაშკაშა ფერებს და ზედმეტად ექსტრავაგანტულ სტილს. მოკლედ, აქ ძალიან ფრთხილად არის განსასაზღვრი ზღვარი თქვენეულ სტილსა და „გადამეტებულს” შორის.

როგორ ხდება აუდიტორიის ამოცნობა – შეფასება, რა ტიპის აუდიტორია ითვლება უფრო მოწყვლადად?

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კარგი გამოსვლა კარგი მომზადების და რეპეტიციის შედეგია. კარგ მომზადებაში ასევე იგულისხმება ინფორმაციის მოგროვება აუდიტორიის შესახებ: ვინ ესწრება? რომელი სფეროს წარმომადგენლები არიან? რატომ მოდიან? რა უნდათ რომ გაიგონ? რა არის მათი ინტერესი? ამ ინფორმაციას, როგორც წესი, ფლობენ ღონისძიების ორგანიზატორები, ამიტომაც ნუ მოგერიდებათ მათი „დაკითხვა”, მაგრამ რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა ეს ინფორმაცია არ არსებობს ან აუდიტორია ძალიან „ჭრელია“. შესაბამისად, ამ შემთხვევაში და საერთოდაც, ყველაზე უსაფრთხო და ეფექტიანი გზა არის არა ის, რომ თან ისაუბროთ და თან ეცადოთ დააკვირდეთ ადამიანებს მათი რეაქციის ამოსაცნობად, არამედ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მარტივად ისაუბრებთ ნებისმიერი სირთულის საკითხის შესახებ, რაც უფრო გულწრფელი იქნებით და რაც მთავარია, რაც უფრო ნამდვილ ემოციას „დადებთ“, მით უფრო მეტი შანსია, მოხიბლოთ ნებისმიერი აუდიტორია.

სხვათაშორის, მახსენდება ჩემი მეგობრის ანდრო დგებუაძის რჩევა, როცა მე „სპოტლაითზე“ ჩემი პირველი გამოსვლისთვის ვემზადებოდი. მან ფასდაუდებელი რამ მითხრა: “ალექსი, შენ შენი თემა კარგად იცი, ალბათ, აუდიტორიამაც, რადგან მარკეტინგული ივენთია, მაგრამ, მაინც, ეცადე, არ გქონდეს მენტორიული ტონი და არ იპროფესორო“. გავითვალისწინე და ვფიქრობ, რომ ჩემი მაშინდელი გამოსვლის წარმატებაში ამას ლომის წილი მიუძღვის, ასე, რომ მადლობა ანდროს !

თუ არის შესაძლებელი გამომსვლელის ტექსტი ისე იყოს გათვლილი, რომ მისი შინაარსი არ იყოს დაკარგული (ამოჭრილი) კონტექსტიდან?

უამრავი ქვეყნისა და ერის ანდაზა, შაირი თუ შეგონება არსებობს, რომ „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი“ – ეს პირდაპირ ეხება საჯარო გამოსვლას და თქვენი გამოსვლიდან „რაღაცეების” არამოჭრის ერთ-ერთი ეფექტიანი პრევენციაა. რაც უფრო მოკლე და კონკრეტულია გამოსვლა, მით უფრო ნაკლებად ამოჭრიან.

და თუ ის მაინც უნდა შეამოკლონ, მაშინ თქვენი გამოსვლის თუ სათქმელის სტრუქტურა და შინაარსი იყოჩაღებს და გადაარჩენს შინაარსს. როგორ? თქვენი გამოსვლა ერთი მთავარი იდეის გარშემო უნდა იყოს აწყობილი, სხვა დანარჩენი ამ იდეის გაცნობა-გამყარებას უნდა ემსახურებოდეს და როცა ეს ხდება, იდეაც ლეიტმოტივად გასდევს მთლიანად გამოსვლას. ამიტომაც, როგორც არ უნდა ამოჭრან, თუ ძალიან არ მოინდომეს, ის რისი თქმაც თქვენ გინდოდათ, აუცილებლად მივა მსმენელამდე.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

19 სექტემბერი, 2018

სხვა ჩანაწერები