რა არის კომპანიის ფასეულობა – FM ქოუჩი

რა არის კომპანიის ფასეულობა – FM ქოუჩი

გადაცემის ლაივი LIVE

რას ნიშნავს კომპანიის ფასეულობები, რამდენად აუცილებლებლია მუშაობის დაწყებამდე ვიცოდეთ კომპანიის (ორგანიზაციის) ფასეულობები და თუ რამდენად ვერგებით მას – გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ბიზნეს ტრენერი, ქოუჩი ეკა ბაბუნაშვილი.

რა არის კომპანიის ფასეულობა და როგორ შეიძლება იგი ვლინდებოდეს?

ფასეულობები არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას კომპანია. თითოეული ჩვენთაგანი ვახორციელებთ გარკვეულ ქმედებებს ყოველდღიურად, რომელიც დგას ჩვენი ფასეულობების სისტემაზე. მაგალითად, თუ ადამიანი დათქმულ დროში ასრულებს თავის საქმეს, არის ყოველთვის კარგად მომზადებული პრეზენტაციებისა და შეხვედრების დროს, ამბობენ, რომ მას პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი აქვს. ესეიგი, მისთვის პასუხისმგებლობა-ფასეულობაა. ზოგ ადამიანს ეს მომენტი სრულად გააზრებული აქვს და აკეთებს ბმას ქმედებასა და ფასეულობას შორის, ზოგიერთი კი ამას რეაქტიულ რეჟიმში ახორციელებს. იგივეა კომპანიების შემთხვევაშიც. თუ კომპანიის ფასეულობა არის თავისუფლება, საინტერესოა თუ როგორ ვლინდება იგი როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარეთ. არსებობს კომპანიები, რომლებიც ზრუნვას ასახელებენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფასეულობად და ეს გამოიხატება, როგორც თანამშრომლებზე, ასევე, კლიენტებზე ზრუნვით. მაგალითისთვის, კომპანია Gოოგლე-მა შექმნა სარეკრეაციო სივრცეები ოფისში თავისი თანამშრომლებისთვის, სადაც მათ განტვირთვის საშუალება ეძლევათ. ადამიანები მაშინ ირწმუნებენ კომპანიის ამა თუ იმ ფასეულობას, როდესაც ეს საქმით მტკიცდება.

შეიძლება თუ არა მოხდეს ფასეულობების შეუთავსებლობა?

დიახ, ასეთი რამ ხშირად ხდება, თუმცა ადამიანები ვერ იაზრებენ ხოლმე აღნიშნულ პროცესს და ვერ ხვდებიან რატომ უჭირთ მიზნების მიღწევა, ან საიდან მოდის სიზარმაცის პრობლემა. მნიშვნელოვანია ფასეულობები არ მოდიოდეს კონფლიქტში ერთმანეთთან. თუ ეს ასეა, მაშინ ადამიანს აღნიშნული ხელს შეუშლის კარიერაშიც და პირად ცხოვრებაში. ცოტა ხნის წინ ქოუჩ სესია მქონდა ერთ ახალგაზრდა ქალთან, რომელიც ამბობდა, რომ სურდა თავისი ბიზნესი გაეფართოვებინა, უფრო დიდი რაოდენობის პროდუქციის იმპორტი და რეალიზაცია მოეხდინა, ვიდრე აქამდე აკეთებდა. იგი ასახელებდა რომ ვერ ბედავდა ამ მიმართულებით მოქმედებას. როდესაც შევეკითხე თუ რა უშლიდა ხელს, დაასახელა, რომ ეშინოდა მის 1 წლის შვილს არ მოკლებოდა ყურადღება და მზრუნველობა. ჩვენ ვიმუშავეთ ამ საკითხზე ქოუჩ-სესიის ფორმატში, დავუსვი შეკითხვები და მან კიდევ უფრო გაიაზრა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის როგორც წარმატებული ბიზნესი, ასევე, თავისი ოჯახური ცხოვრება და პატარა შვილი. სესიის დასასრულისკენ, როდესაც მან მოახდინა თავისი წარმატებული ბიზნესის პროექცია, შექმნა ინსპირაციული ხედვა მე დავუსვი შეკითხვა, რა ფასეულობა შეაქვს ასეთ წარმატებულ ანას თავის ოჯახში? ამ დროს მოხდა გააზრება, რამდენი სიკეთე შეუძლია მან გაუკეთოს თავის ოჯახს და შვილს თუკი იქნება თვითკმარი და წარმატებული. ის მომენტი ანასთვის ტრანსფორმაციული გახდა ვინაიდან ერთი თვეც არ არის გასული, რაც მან უკვე გააკეთა პროდუქციის შეკვეთა და გადადგა მნშვნელოვანი ნაბიჯები საკუთარი ხედვისკენ. ამიტომაც, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად შევძლებთ “მოვალაპარაკოთ” ჩვენი ფასეულობები ერთმანეთს. ამ შემთხვევაში, ბევრად თავისუფლად მივაღწევთ ჩვენს მიზნებს და ისეთი გავრცელებული პრობლემები, როგორიცაა, მაგალითისთვის პროკრასტინაცია, დიდი ალბათობით, აღარ იქნება შეგვაწუხებს.

რა არის კომპანიის მისია და რისთვისაა საჭირო იგი?

მისიის განაცხადი არის ერთგვარი კომპასი კომპანიისთვის. იგი წარმოადგენს გზავნილს, რითიც კომპანია მოკლედ ხსნის თუ რა მიზნით შეიქმნა და საით უჭირავს კურსი. ამასთანავე, რაც უფრო მოკლე და გასაგები იქნება მისიის განაცხადი, მით უფრო უკეთ აღიქმება იგი. საუკეთესო მისიის განაცხადები მარტივად აღწერს როგორც კომპანიის დანიშნულებას, ასევე იმ ძირეულ ფასეულობას, რომელიც მის საფუძველს წარმოადგენს. მაგალითად, მახსენდება კომპანია Gოოგლე-ის მისიის განაცხადი, რომელიც ქართულად ასე შეიძლება ითარგმნოს: გაუწიოს ორგანიზება მსოფლიოში არსებულ ინფორმაციას და გახადოს იგი უნივერსალურად ხელმისაწვდომი. აქ ჩანს კომპანიის უნივერსალურობის ფასეულობაც. ერთ ერთი პრინციპი, რომელზედ კომპანია დგას, არის ის რომ “ინფორმაციაზე მოთხოვნა საზღვრებს არ ემორჩილება”.
მისია ყოველთვის გვახსენებს თუ რა დიდ მიზანს ვემსახურებით. იგი გვახსენებს იმ მიმართულებას საითაც მივდივართ და სტიმულს გვაძლევს.
ამიტომაც, არა მხოლოდ კომპანიას უნდა ჰქონდეს განსაზღვრული მისია. დამეთანხმებით, ადამიანი, რომელსაც არ ესმის თავისი დანიშნულება, უდაბნოში დაკარგულს გავს. ამ დროს მას საქმე არ ანიჭებს სიამოვნებას და მოტივაციაც დაბალია. მეორეს მხრივ კი, როდესაც ადამიანს განსაზღვრული აქვს თავისი ინტერესები, აკეთებს იმ საქმეს, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს და სარგებელი მოაქვს გარშემომყოფებისთვის, მისი კმაყოფილება მაღალია. “როდესაც იპოვით თქვენს დანიშნულებას, თქვენს საქმეს, აღარც ერთი დღე არ მოგიწევთ მუშაობა”, – ეს ფრაზა წლების წინ წავიკითხე და დამაფიქრა, თუმცა ბოლომდე ვერ ვხვდებოდი მის არსს. შემდეგ ვიპოვე ის საქმე, რომელმაც თვალები ამინთო და ეს ემოცია ყოველდღიურად მომყვება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

4 ივლისი, 2018

სხვა ჩანაწერები