მთავრობის ინიციატივა „შავ სიაში“ მყოფ ყველა პირს არ შეეხება

მთავრობის ინიციატივა „შავ სიაში“ მყოფ ყველა პირს არ შეეხება

ახალი ინიციატივა, რომელიც ხელისუფლებამ სულ რაღაც 1 დღეა საზოგადოებას მიაწოდა, ერთჯერადი პროგრამაა და ის ე. წ. „შავ სიაში“ მოხვედრილი ფიზიკური პირებისთვის დავალიანების ჩამოწერას ითვალისწინებს.

როგორც მთავრობაში ამბობენ, ამ დავალიანებებს ფონდი „ქართუ“ დაფარავს. ეს თანხა საერთო ჯამში მილიარდ 500 მილიონ ლარს შეადგენს. „ქართუმ“ უკვე გაავრცელა განცხადება, რომ მას დავალიანებებისთვის დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი. ვინ დაფარავს მილიარდ 400 მილიონს, ეს ჯერჯერობით უცნობია.

არსებული ინფორმაციით, ვისაც აქვს არაუზრუნველყოფილი სესხი, საკრედიტო ბარათი, ოვერდრაფტი და მისი ძირი 2000 ლარს არ აღემატება, ამ პროგრამით ისარგებლებს. თუ ვალის ძირი 2000-ს აჭარბებს, ინიციატივა თქვენზე არ გავრცელდება. ეს ვალდებულება ფიზიკურ პირს 2018 წლის 1 იანვარს უნდა უფიქსირდებოდეს და ვადაგადაცილება აღმოფხვრილი არ უნდა იყოს 2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით.

განულების პროცესი დაიწყება 2018 წლის 15 დეკემბერს და დასრულდება 31 დეკემბრამდე. განულების პროცესი ავტომატურია.

ამ თემასთან დაკავშირებით უკვე გაკეთდა არაერთგვაროვანი კომენტარები. ექსპერტების ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ ამას ეკონომიკაზე არანაირი ეფექტი არ ექნება და უფრო მეტიც, ამ თანხის გადახდა, სავარაუდოდ , ბიუჯეტს დააწვება, ანუ ეს ნიშნავს, რომ პატიოსანი გადამხდელი დაფარავს იმ 600 ათასი ადამიანის ვალებს. ნაწილი კი ამბობს, რომ მთავრობის ამ ინიციატივის შედეგად, მოქალაქეების ნაწილი ამოისუნთქებს, რადგან მათ დავალიანებები აღარ ექნებათ.

 

ეკონომისტი აკაკი ცომაია ამბობს, რომ  ეს ინიციატივა სახიფათოა. მისი თქმით, დღეიდან სესხის გადახდის სურვილი კარგ გადამხდელსაც აღარ ექნება. ცომაია აცხადებს, რომ ასეთი ნაბიჯი ძალიან ძლიერი მოტივაცია, რომ კრედიტი არავინ გადაიხადოს, რადგან უკვე არსებობს პრეცედენტი 600 ათასი ადამიანისთვის, რომ “კრედიტის არ გადახდა მოსულა”.

კიდევ ერთი ეკონომისტი -ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ მთავრობამ მკაფიოდ უნდა ისაუბროს იმ კრიტერიუმებზე, რასაც ვალების ჩამოსაწერად უნდა აკმაყოფილებდეს მოქალაქე. სხვა შემთხვევაში ყიფიანს მიაჩნია, რომ შესაძლოა ფინანსურ ინსტიტუტებს პრობლემები შეექმნათ.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი კი ირწმუნება, რომ სესხების ჩამოწერის გადაწყვეტილება ერთჯერადი აქტია და საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ არავის აღარ გადაუხდიან ვალს.

 

20 ნოემბერი, 2018

სხვა ჩანაწერები