აუცილებელია თუ არა მენეჯერი იყოს ემპათიური – FM ქოუჩი

აუცილებელია თუ არა მენეჯერი იყოს ემპათიური – FM ქოუჩი

გადაცემის ლაივი LIVE

ემპათია არის ემოციური ინტელექტის ერთ-ერთი კომპეტენცია – ადამიანის უნარი შევიდეს სხვის მდგომარეობაში, თანაუგრძნოს მას, მიხვდეს  რას განიცდის, რას ფიქრობს და შეხედოს საკითხს სხვისი გადმოსახედიდან. აუცილებელია თუ არა მენეჯერი იყოს ემპათიური – გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ქოუჩინგის კომპანია “გროუნის” დამფუძნებელი თამუნა ჩიჩუა.

როგორ ვლინდება ემპათია?

ემპათიას აქვს კრიტიკული როლი ჰარმონიულ ინტერპერსონალურ ურთიერთობებში. ეს უნარი შესაძლებელს ხდის ადამიანებს შორის გამოცდილების, საჭიროებების გაზიარებას, ქმნის ემოციურ ხიდებს ინდივიდებს და ჯგუფებს შორის. სხვისი ემოციების აღქმა არის ნეირობიოლოგიურად განპირობებული თანდაყოლილი უნარი. ადამიანის ტვინში არის ნეირონული ქსელები, რომლებიც სარკისებურად ასახავენ სხვის მდგომარეობას, განსაცდელს, სიხარულს და ა.შ. ეს გვაძლევს საშუალებას ამოვიკითხოთ ემოციური სიგნალები სხვისი სახის გამომეტყველებაში და სხეულის ენაში, გვეხმარება გავაკეთოთ ემოციური და კოგნიტური რეზონირება სხვის ემოციებთან და განვასხვაოთ ისინი ჩვენი ემოციებისგან.

ხშირად ემპათია ეშლებათ სიმპათიაში, რაც არის წუხილის განცდა იმ პირის მიმართ, ვინც განიცდის რაიმე სირთულეს. მაშინ როდესაც ემპათია იწვევს დახმარების სურვილს, ქმედებას სხვის მხარდასაჭერად. ანუ ემპათიის გამოვლინება საბოლოო ჯამში არის ადამიანის გაგების და დახმარების სურვილში.

რამდენად ემპათიურია დღეს ჩვენი საზოგადოება?

რამდენადაც უნარი თანდაყოლილია, ნეირონული თავისებურებების გამო, სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა დონეზე შეუძლიათ სხვისი მდგომარეობის ამოცნობა. ინდივიდუალური განსხვავებების გარდა, ემპათიის უნარით ასევე განსხვავდებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, სუბკულტურები და საზოგადოებები. კვლევები ადასტურებენ, რომ გარემოებების გავლენით, შესაძლებელია ამ უნარის როგორც გაუარესება, ისე გაუმჯობესება. მაგალითად, ექიმების ემპათიურობა სტუდენტური წლების და გარკვეული დროის პროფესიული პრაქტიკის შედეგად მცირდება, რაც ხშირად იწვევს პაციენტების უკმაყოფილებას სამედიცინო პერსონალით.

აუცილებელია თუ არა მენეჯერი იყოს ემპათიური?

მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან ჰუმანური პრაქტიკაა, ბევრ ლიდერს, ტოპ-მენეჯერულ თანამდებობაზე მყოფ ადამიანებს ასევე ჰგონიათ, რომ “დიდი დოზით” ემპათია მათ დააზიანებს, რის გამოც ხელოვნურად აკეთებენ ამ უნარის დაბლოკვას. ჰგონიათ, რომ ბევრი ემპათია ეწინააღმდეგება რაციონალურ გადაწყვეტილებებს, გვაფიქრებს “გულით” და არა თავით, და გვაკარგინებს გრძელვადიანი შედეგების დიდ სურათში დანახვის უნარს. სინამდვილეში, ბოლო ათწლეულებია ემპათია ითვლება ყველაზე მოთხოვნად უნარად თნამედროვე ლიდერებისთვის. კარგი ამბავი ის არის, რომ როგორც ემოციური ინტელექტის ყველა კომპეტენცია, ემპათიურობის ამაღლებაც შესაძლებელია.

საზოგადოების ემპათიურობა ვლინდება განსხვავებული აზრის მიმღებლობაში, მიმტევებლობაში, იმაში რომ ვიყოთ უფრო მეტად დამხმარე ერთმანეთის და მოწყვლადი ჯგუფების მიმართ. ბავშვებში ემპათიის ნაკლებობის აშკარა გამოხატულებაა ბულინგის პრეცენდენტები. ამიტომაც საზოგადოების ემპათიურობის გაზრდისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ინდივიდების დონეზე ემოციური ინტელექტის განვითარების ხელშეწყობას, ორგანიზაციებში, სასწავლო დაწესებულებებში, სკოლებში, უმცირესი ასაკიდანვე. რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური და ფიზიკური განსხვავებების შემთხვევაში, როდესაც შეინიშნება ემოციური ემპათიის ნაკლებობა, ემოციური ინტელექტის გაუმჯობესება ავითარებს კოგნიტურ ემპათიას – გაგების და დახმარების გააზრებულ, დასწავლილ სურვილს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

31 ოქტომბერი, 2018

სხვა ჩანაწერები