ასეულობით მილიონი ლარი საყოველთაო ჯანდაცვისთვის და პენსიების ეტაპობრივი ზრდა- რა წერია ბიუჯეტში

ასეულობით მილიონი ლარი საყოველთაო ჯანდაცვისთვის და პენსიების ეტაპობრივი ზრდა- რა წერია ბიუჯეტში

დღეს პარლამენტი 2019 წლის ბიუჯეტს განიხილავს და დაამტკიცებს. სხდომა კვორუმის უქონლობის გამო 16:00 საათამდე გადაიდო. ამ დროისთვის ცნობილია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია.

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 12 მილიარდ 997 მილიონი ლარით განისაზღვრა. მისი თქმით, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და განათლების სფეროების დაფინანსების მოცულობა მომავალი წლის ბიუჯეტში 5 მილიარდ 490 მილიონ ლარს აღწევს, მათი წილი კი, ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით, 47 %-ს აჭარბებს.

 

„2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩადებულია პენსიების 20 ლარით, 200-ლარამდე გაზრდა, 2020 წლიდან ამ თანხას კიდევ 20 ლარი დაემატება. ამავე დროს, ხელისუფლება იძლევა პირობას, რომ მომავალში პენსიების ზრდა გარკვეული კორელაციაში იქნება ეკონომიკის ზრდასთან და ეს არის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

კოვზანაძის თქმით, პენსიების ზრდის პარალელურად, მომავალი წლიდან დაიწყება უმნიშვნელოვანესი რეფორმის, დაგროვებითი საპენსიო რეფორმის განხორციელება, რისთვისაც ბიუჯეტის კანონპროექტში 90 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა სოციალური მიმართულებით გაზრდილ ხარჯებზე. მათ შორის, 70 მილიონ ლარზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი იანვრიდან 144 ათასამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი 50-ლარიანი დახმარების სახით მიიღებს.

 

უკვე ცნობილია, რომ გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 754 მილიონი ლარით დაფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.

შეგახსენებთ, რომ პარლმენტში ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა 16:00 საათზე დაიწყება.

13 ნოემბერი, 2018

სხვა ჩანაწერები