არასდროს დანებდე სირთულეებს, რადგან ყოველი ახალი გამარჯვება – ახალი მოტივაციაა! – სანდრო ვაშაკიძე

არასდროს დანებდე სირთულეებს, რადგან ყოველი ახალი გამარჯვება – ახალი მოტივაციაა! – სანდრო ვაშაკიძე

26 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ ბაქსვუდის სკოლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი სანდრო ვაშაკიძე სტუმრობდა, რომელმაც სკოლის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლამ, სადაც უმაღლეს სტანდარტს პირველ რიგში ხელმძღვანელობა განსაზღვრავს, დიდი ხანია გაითქვა სახელი ეტაპობრივი განვითარების  გრძელვადიანი პროფესიონალური ხედვის, ბრიტანული და ქართული სააღმზრდელო პრინციპების მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით.

– ბატონო სანდრო, როგორ შეაფასებდით განვლილ გზას სკოლის დაარსებიდან დღემდე?

– რა თქმა უნდა, სკოლის განვითარებამ შესაძლებლობებიც მნიშვნელოვნად გაზარდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ დღევანდელი ბაქსვუდი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ სკოლისგან, რომელიც 18 წლის წინ იყო. დღეს გაცილებით მეტი ტექნიკური და ინტელექტუალური რესურსი გვაქვს და სკოლაც ბევრად საინტერესოდ ცხოვრობს.

– როგორ გაჩნდა სკოლის შექმნის იდეა?

– 2000 წელს, როცა მეგობრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „გაეროს ასოციაციაა“ დავაფუძნე, რამდენიმე არჩევანი გვქონდა – ან ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად პოლიტიკაში ჩავბმულიყავით, ან „მხედრიონში“ გავწევრიანებულიყავით,  ან სასარგებლო საქმე გაგვეკეთებინა ჩვენი ქვეყნისთვის და სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ სკოლის შექმნა, რომელიც საუკეთესო განათლებას მისცემდა მომავალ თაობებს. სხვათაშორის, საკუთარი ხელით გავარემონტე საკლასო ოთახი იმ სახელმწიფო სკოლაში, რომელიც ვიქირავეთ და მხოლოდ 6 მოსწლესთან ერთად ჩავუყარეთ სკოლას საფუძველი.

– რამდენად სწრაფად იზრდება მოსწავლეთა რიცხვი და როგორია პედაგოგთა მომზადების დონე?

– სკოლაში 672 მოსწავლე სწავლობს. მართალია, ჩვენი მიზანი მოსწავლეთა რიცხვის 720-მდე გაზრდაა, მაგრამ მაინც არ ვჩქარობთ. ამ ეტაპზე პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით სამი, მაღალ კლასებში კი – ორი პარალელი გვაქვს. ვცდილობთ ეტაპობრივად გავიზარდოთ, 720 მოსწავლე კი, ოპტიმალური რაოდენობაა, რათა შევინაჩუნოთ სწავლის ხარისხი და არ ვუღალატოთ ერთხელ არჩეულ პრინციპებს. რაც შეეხება პედაგოგებს – რა თქმა უნდა, მათი მომზადების დონე მაღალია, თუმცა ჩვენ მაინც ინტენსიურად ვზრუნავთ განვითარებაზე.

– რა მთავარი პრინციპით ხელმძღვანელობს სკოლა?

– ჩვენი სლოგანი – Ad vitam paramus, ანუ „ვამზადებთ ცხოვრებისთვისაა“. ვფიქრობ, მოსწავლისთვის მთავარი არა რომელიმე კონკრეტული დისციპლინის კარგად ცოდნა, არამედ ზოგადი უნარების გამომუშავებაა, რათა სწრაფად და მარტივად იპოვოს საკუთარი ადგილი ცხოვრებაში.

– როგორ შეაფასებთ საგანმანათლებლო პროცესს საქართველოში?

– შესაძლოა ნაკლებად პოპულარულ რამეს ვამბობ, მაგრამ მაინც ვიტყვი. პირველი მე დავხურავდი კერძო სკოლას, საჯარო სკოლები რომ იყოს ძლიერი. სამწუხაროდ, სახელმწიფოს არ აქვს განათლების განვითარების გრძელვადიანი პროგრამა, რაც პირველ რიგში, სწორედ საჯარო სკოლების ხარისხზე აისახება. სხვათაშორის, ბოლო ცხრა წლის მანძილზე, ცხრა განათლების მინისტრი შეიცვალა და ყველამ საკუთარი რეფორმა წამოიწყო, თუმცა ბოლომდე მიყვანა ვერავინ შეძლო. არსებობს ესტონეთის მოდელი – წამყვანი პროგრამა საგანმანათლებლო სფეროში, რომლის წარმატების ფორმულად 10-წლიანი გეგმა ითვლება და არა თუ მინისტრის, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაშიც უცვლელი რჩება. ზოგადად, განათლების სფერო რთულად ექვემდებნარება რეფორმას, რადგან საკმაოდ დიდი დროა საჭირო სასურველი შდეგის  მისაღებად.

– რამდენად სერიოზულია კონკურენცია კერძო სკოლებს შორის?

– უამრავი კერძო სკოლაა არსებობს და გარემოც საკმაოდ კონკურენტულია, თუმცა მთავარი მაინც სკოლისა და მოსწავლის ჰარმონიული შერწყმა და ურთიერთობაა.

– რა არის თქვენი პირევლადი პროფესია?

– პროფესიით ეკონომისტი ვარ, განათლება სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიღე, თუმცა ერთი დღეც არ მიმუშავია საკუთარი პროფესიით. წლების წინ ჰოკეის ფედერაციის გენერალური მდივანი ვიყავი, ახლა კი, ფერმერობით ვარ გატაცებული, მიწის ნაკვეთიც კი შევიძინეთ, რათა ხარისხიან განათლებასთან ერთად, ჯანსაღი პროდუქტითაც მოვამარაგოთ   ჩვენი მოსწავლეები.

– საქმიანობის რომელ სფეროში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– 18 წელია სკოლას ვხელმძღვანელობ და რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვებთან მუშაობაა. ვდფიქრობ, სკოლას თავისი მიზიდულობის ძალა აქვს, რადგან სადაც არ უნდა საქმიანობდე, მაინც ყოველთვის უკან გაბრუნებს.

– როგორ შეაფასებთ თანამედროვე მოზარდებს?

– საბედნიეროდ, ყოველ წელს ბევრად უკეთესს ბავშვებს ვღებულობთ, რომლებიც დაწყებითი კლასებიდანვე ლაღები, თავისუფლები არიან და ძალიან განსხვავებულად აღიქვამენ გარემოს.

– სამომავლოდ რა გეგმები აქვს ბაქსვუდის სკოლას?

– თებერვლის თვეში მასშტაბური პროექტის – მომავლის ლაბორატორიის გაკეთებას ვაპირებთ, რომელიც აბსოლუტრურად ახალ სასწავლო მოდელს შესთავაზებს მოსწავლეებს, რადგან ბავშვები თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებულ იმ პროფესიების (მაგალითად, რობოტიკა, სამგანზომილებიანი ბეჭდვა, გრაფიკა და პროგრამირება) საფუძვლებს შეისწავლიან, რომლებიც მართალია, ჯერ ნაკლებადაა ცნობილი, მაგრამ წლების შემდეგ, აუცილებლად აქტუალური იქნება და ჩვენი მოსწავლეებიც თამამად შეხვდებიან იმ გამოწვევებს, რასაც თანამედროვე სამყარო შესთავაზებს.

– ჩაცმის რა სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

– მოსწავლეები ფორმას ატარებენ, ამიტომ ჩვენც ოფიციალურად ვიმოსებით, რაც ნაკლებად მსიამოვნებს და ყოველთვის ერთი სული მაქვს, მოვირგო ბევრად კომფორტული ჯინსი.

– გაქვთ თუ არა განტვირთვის ადგილი სამსახურში?

– სკოლაში თავლა გვაქვს, რამდენიმე ცხენიც გვყავს და განტვირთვის საუკეთესო საშუალებაც  სწორედ ცხენით სეირნობაა.

– ინფორმაციის მიღების რომელ საშუალებას თვლით ყველაზე სანდოდ?

– „გაეროს ასოციაციას“ საკუთარი ინტერნეტ-ჟურნალი Civil.ge. აქვს და მეტწილად, მეც მისი მომხმარებელი ვარ.

– რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია და რამ შეიძლება გაგიფუჭოთ განწყობა მუშაობისას?

– ფარზა: „არაფერი არ გამოგვივა“ – ერთდროულად მოტივატორიცაა და დემოტივატორიც, რადგან ერთის მხრივ განწყობას მიფუჭებს, მეორეს მხრივ კი, აქტიური მოქმედებისკენ მიბიძგებს.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– საკმაოდ სწრაფად, რადგან იმპულსური ვარ და ზოგჯერ ძალიან ვნანობ საკუთარ გადაწყვეტილებას.

ბლიცკითხვები:

– მისდევთ თუ არა ჯანსაღი ცხოვრების წესს?

– სკოლას თავისი საფეხბურთო გუნდი ჰყავს და კვირაში ორჯერ მეც სხვებთან ერთად ვვარჯიშობ.

– ხართ თუ არა კოლექციონერი?

– ბავშვობაში მარკებს ვაგროვებდი, ახლა კი, ნაკლებად მიტაცებს კოლექციონერობა.

– საკმარისი დროის არსებობის შემთხევეაში რა პროფესიას შეითავსებდით?

– სიამოვნებით ვიქნებოდი აგრონომი.

– თავად როგორი მოსწავლე იყავით?

– მე-10 კლასამდე  კარგი მოსწავლე ვიყავი, მერე ცოტა „ავურიე“, თუმცა სტუდენტობის პერიოდში ისევ გამოვსწორდი.

– ფილმი, რომლის ნახვა არასდროს გბეზრდებათ?

– „რეალური სიყვარული“

– ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?

– გუნდი, ვისთან ერთადაც ვმუშაობ.

– გაქვთ თუ არა ჰობი?

– ძალიან მომწონს ფერმერობა.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– ცისარტყელას.

– როგორია თქვენი „წარმატების ფორმულა“?

– ვფიქრობ, წარმატების მისაღწევად მთავარი მიზანდასახულობაა. ყოველთვის უნდა გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ და არასდროს დანებდე სირთულეებს, რადგან ყოველი ახალი გამარჯვება – ახალი მოტივაციაა!

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

28 ნოემბერი, 2018

სხვა ჩანაწერები